ცხელი ბუტერბროდების მომზადების 4 მეთოდი. ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს

570

ბუტერბროდები ერთ–ერთი საუკეთესო წასახემსებელია. მომზადებას ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ ძალიან ნოყიერი და გემრიელი გამოდის. სენდვიჩი განსხვავებული და დახვეწილი შეიძლება იყოს. ყველასთვის საყვარელ კლასიკაზე არ ვსაუბრობთ: ბუტერბროდი კარაქით და ძეხვით. უბრალო პურით კულინარიული შედევრის გაკეთება შეიძლება, თუ მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტს დაუმატებთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სარესტორნო დონის ცხელი ბუტერბროდები.

ოჯახის წევრები გემრიელი საუზმით რომ გაახაროთ, ღუმელი ჩართეთ ან ტაფა გააცხელეთ. რამდენიმე წუთში გემრიელი ხრაშუნა ბუტერბროდები მზად იქნება. უბრალოდ იდეალურია!

ცხელი ბუტერბროდები: 4 რჩეული რეცეპტი

ბუტერბროდი ავოკადოთი

ინგრედიენტები:

  • 4 ნაჭერი ტოსტის პური
  • 1 ავოკადო
  • 60 გ მოცარელა
  • ლიმონის წვენი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ავოკადო შუაზე გაჭერით, კურკა და ქერქი მოაშორეთ. ნაჭრებად დაჭერით.
  2. ავოკადო ტოსტის პურს წაუსვით.
  3. ლიმონის წვენი მოასხით. მოცარელა ნაჭრებად დაჭერით და ავოკადოს ზემოდან დაადეთ.
  4. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5 წუთით აცხვეთ. მზადაა!

ბრუსკეტი პომიდვრით

ინგრედიენტები:

  • 1 ფრანგული ბაგეტი
  • 3 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 200 გ მოცარელა
  • 1 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ/კ ხმელი ბაზილიკი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პომიდორი პატარა კუბებად დაჭერით. ხახვი და ნიორი დააქუცმაცეთ. ღრმა თასში აურიეთ. ხმელი ბაზილიკი, მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  2. ბაგეტი 12 ნაჭრად დაჭერით. საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5 წუთით აცხვეთ.
  3. შემწვარ ბაგეტს კოვზით პომიდვრის შიგთავსი დაუმატეთ.
  4. მოცარელა თხელ ნაჭრებად დაჭერით. პომიდვრის ნარევს ზემოდან დაადეთ.
  5. ბრუსკატები ღუმელში კიდევ 1–2 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!

ბუტერბროდი გორგონზოლით და მსხლით

ინგრედიენტები:

  • 1 ფრანგული ბაგეტი
  • 60 გ კარაქი
  • 2 მსხალი
  • 250 გ გორგონზოლა
  • 150 გ ნიგოზი

მომზადების წესი:

  1. ბაგეტი ნაჭრებად დაჭერით. პურს გამდნარი კარაქი წაუსვით. ბაგეტის ნაჭრები საცხობ ტაფაზე დააწყვეთ.
  2. მსხალი გათალეთ. თხლად დაჭერით. ნიგოზი დააქუცმაცეთ. გორგონზოლა წვრილად დაჭერით.
  3. კარაქწასმულ ბაგეტს მსხალი და კაკალი დაუმატეთ. ახლა ყველი უხვად მოაყარეთ.
  4. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით აცხვეთ. მზადაა!

სენდვიჩი სოკოთი

ინგრედიენტები:

  • 4 ბურგერის ფუნთუშა
  • 280 გ ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ კარაქი
  • 180 გ ხმელი ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ/კ კვლიავი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქამა სოკო თხელ ფირფიტებად დაჭერით, ხახვი – ნახევარ რგოლებად. ნიორი დაპრესეთ.
  2. ხახვი გახურებულ ტაფაზე კარაქში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. სოკო, ნიორი და სანელებლები დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 2–3 წუთით შეწვით.
  3. ხმელი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  4. ბურგერების ფუნთუშები გაჭერით. ერთ ნახევარს სოკოს შიგთავსი დაუმატეთ და ყველი უხვად მოაყარეთ. მეორე ნახევარი დააფარეთ.
  5. მშრალ ტაფაზე შეწვით. თავსახური დაახურეთ და რამდენიმე წუთით შეწვით. სენდვიჩი მზადაა!

ამ ბუტერბროდების რეცეპტები აუცილებლად დაიმახსოვრეთ. ასე თავის მტვრევა არ მოგიწევთ, თუ რით წაიხემსოთ. ყოველდღე ოჯახის წევრებს საინტერესო სიახლეებით გააოცებთ!