ჩიხირთმა კახეთის კუთვნილებაა. ეს მაწიერი და ნოყიერი წვნიანი ფრინველის გარდა, ბატკნის ხორცისგანაც მზადდება და მომზადების ტექნოლოგიით კლასიკური აღმოსავლური წვნიანია – ფქვილითა და კვერცხით შენელებული.
ინგრედიენტები:
- ქათამი (ხერხემალგამოცლილი) – 1 საშუალო ზომის
- თეთრი ან ყვითელი ძმარი – 60 მლ (ან ლიმონი)
- ფქვილი – 40 გ
- მარილი – 30 გ
- ხახვი – 3 თავი
- ნიორი – 3 კბილი
- წყალი – 4-4,5 ლ
- კვერცხის გული – 4 ცალი
- კვერცხის ცილა – 1 ცალი
- დაკეპილი ქინძი – 4 ს.კ.
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხილი ქათამი ჩადეთ 6-7 ლიტრიან ქვაბში 3 თავ ხახვთან ერთად და მოხარშეთ 4-4,5 ლიტრ წყალში. მოქაფეთ და ხარშეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ქათამი კარგად მოიხარშოს დაბალ ცეცხლზე. 1 საათის შემდეგ ნახარში გადაწურეთ. ხორცი ცალკე შეინახეთ (ხახვი არ დაგჭირდებათ), სითხე კი ქვაბში ჩააბრუნეთ.
- ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, კვერცხის ცილა, კვერცხის გულები, ძმარი და ოდნავ გაგრილებული ცოტაოდენი ნახარში. კარგად გახსენით, რომ მიიღოთ თხევადი მასა.
- ნახარშიანი ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ მარილი და ნიორი. კვერცხიანი და ძმრიანი მასა ჩაუშვით მდუღარე ნახარშში და სათქვეფით გამუდმებით ურიეთ, რომ არ აიჭრას.
- მომზადებული ჩიხირთმაში ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები. შესაძლებელია ძმრის ან ლიმონის წვენის დამატება.
- კერძს მირთმევამდე მოაყარეთ დაკეპილი ქინძი.