სოუსი კარბონარა იტალიური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ბეკონის, ყველისა და კვერცხის ნაზავი იმდენად გემრიელია, რომ სურვილი გიჩნდება, სხვა კერძსაც შეუხამო. ჩვენს შემთხვევაში – ლაზანიას.
ვინაიდან ლაზანიაშიც მაკარონის ცომი გამოიყენება, ეს იდეა არც თუ ისე აბსურდულია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. “გასტრონომია” გირჩევთ: აიღეთ ბეკონის კარგი ნაჭერი, ლაზანიას ცომი და შეუდექით შემოქმედებას.
ინგრედიენტები
- 500 გრ ბეკონი
- 12 ც ლაზანიას ცომის ფენა
- 1 ც ხახვი
- 3 კბ ნიორი
- 350 გრ არაჟანი
- 200 გრ მაგარი ყველი
- 4 კვერცხის გული
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- შეწვით ზეთში დაჭრილი ბეკონი და ხახვი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
- მოხარშეთ ლაზანიას ფენები ალდენტეს დონემდე (სანახევროდ), გახეხეთ ყველი.
- დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ცომის პირველი ფენა. შემდეგ ასეთი მიმდევრობით: არაჟანი, ბეკონი, ყველი, ცომის ფენა, სანამ ინგრედიენტები არ ამოიწურება.
- მოაყარეთ გახეხილი ყველი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
- როცა ლაზანია მზად იქნება, ოდნავ ჩააღრმავეთ 4 ადგილას და ჩაახალეთ კვერცხის გულები, შედგით კიდევ 2 წუთით.
ჩვენ ამ რეცეპტში არაჟანი გამოვიყენეთ, თუმცა შეგიძლიათ ლაზანიას კლასიკური სოუსი – ბეშამელი მოამზადოთ, ასევე მოაყაროთ დაჭრილი მწვანილი. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!