ფუნჩულას მომზადების შესანიშნავი რეცეპტი: უფრო ფუმფულა არ არსებობს

1413

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია ფუნჩულას რეცეპტს გიზიარებთ. ეს არა უბრალო ფუნჩულა, არამედ ძალიან ფუმფულა და რბილია. რეცეპტი ახლახანს ვნახე და უკვე ძალიან შემიყვარდა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ რეცეპტს ნახულობთ, ამზადებთ და შედეგით კმაყოფილი არ ხართ. ზოგჯერ კი პირიქით ხდება, როგორც ამ შემთხვევაში – ყოველთვის ვამზადებ და შედეგი მახარებს.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 300 მლ თბილი რძე
  • 60-70 გრ კარაქი
  • 50 გრ შაქარი
  • 1,5 ჩ/კ მშრალი საფუარი (სწრაფად ხსნადი)
  • ცოტა ვანილი
  • დანის წვერით მარილი
  • 600 გრ ხორბლის ფქვილი
  • 300-400 მლ მცენარეული ზეთი ფუნჩულების შესაწვავად

მომზადების წესი:

1. კვერცხი, შაქარი, მარილი, ვანილი სათქვეფით ან ჩანგლით აურიეთ.

2. თბილი რძე დაასხით (რძის გაცხელება საჭირო არაა, უბრალოდ ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს), გამდნარი კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.

3. ახლა ნაწილ–ნაწილ გაცრილი ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და პირველივე ულუფაზე საფუარი დაუმატეთ. საფუარი განსხვავებული არსებობს. ჩვენ სწრაფად მოქმედი გვჭირდება. არსებობს უბრალოდ მშრალი (პურის საცხობი) საფუარი, მას ჯერ „გაღვივება“ ანუ გააქტიურება სჭირდება – ჯერ რძეს დაუმატეთ და რეაქციას დაელოდეთ. დანარჩენი ყველაფერი იგივეა.

4. შედეგად რბილი, ოდნავ წებოვანი ცომი გამოვა. პირსახოცი გადააფარეთ და თბილ ადგილას გააჩერეთ. მინიმუმ 2–ჯერ ჩაზილეთ.

5. ამოსული ცომი პატარა თანაბარ ნაჭრებად დაყავით და დაამრგვალეთ. ხრიკი: პერგამენტის ქაღალდის კვადრატულ ფურცლებზე დააწყვეთ. ქაღალდს წინასწარ ფქვილი მოაყარეთ ან მცენარეული ზეთი წაუსვით. რისთვის არის საჭირო? რაც უფრო ნაკლებად შეაწუხებთ ცომს, მით უფრო ფუმფულა ფუნჩულა გამოვა – შეწვის წინ გინდა თუ არა ფუნჩულას ხელში ვიღებთ, ცომი ამ დროს ეცემა, ზოგჯერ მაგიდას ეკვრის და ფორმას საერთოდ კარგავს. ამ ხრიკით კი პერგამენტის ქაღალდით ფუნჩულას იღებთ და ცხელ ზეთში ფრთხილად დებთ! სილამაზეა!

6. მრგვალი ნაჭრების მოცულობაში გაზრდას დაელოდეთ (10-15 წუთი), შემდეგ შუაში ნახვრეტები გააკეთეთ. ამისთვის თითი ფქვილში ამოავლეთ და მრგვალი ფუნჩულები შუაში ფრთხილად გახვრიტეთ, მსუბუქი წრიული მოძრაობით ნახვრეტი გააფართოვეთ.

7. ახლა ფუნჩულების შეწვა დაგრჩათ. ბევრ მცენარეულ ზეთში საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით. თან ძალიან სწრაფად!

ესეც შედეგი! მთელი მთა არომატული, ჰაეროვანი და ჯერ კიდევ ცხელი ფუნჩულა მზადაა. შაქრის ფხვნილი მოაყარეთ ან შოკოლადის ჭიქური მოასხით – ვისაც როგორ უყვარს. გემრიელად მიირთვით!