ფრანგული ყველი ღუმელში

1062

“ფრომაჟე ბლანქ”-თეთრი ყველი კლასიკური რბილი ფრანგული ყველია. მისი კონსისტენცია მოგაგონებთ გაწურულ ხაჭოს იოგურტით. ყველს ფაფუკი და კრემისებრი გემო აქვს. იგი იდეალურია ხილის დესერტთან, მსუბუქი შიგთავსის მქონე ღვეზელებთან, თხელ ბლინებთან და ოლადებთან. გემრიელი და ჰაეროვანი ყველი ძალიან უხდება ბოსტნეულს, ფრინველსა და თევზს. მისი გამოყენება შეგიძლიათ ასევე სენდვიჩებში, სოუსებსა და სალათებში.თეთრი ყველის მომზადება ძალიან მარტივია. უბრალოდ უნდა შეურიოთ ერთმანეთს 3,2 %-იანი მაღალი ხარისხის რძე და ცხიმიანი ნაღები.რჩევა: არ გადაღვაროთ რძის შრატი! ეს შეუცვლელი ინგრედიენტია ღვეზელებისა და ოლადების მოსამზადებლად, ასევე ეფექტური კოსმეტიკური საშუალებაა. მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 200 მლ ნაღები, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 250 გრ იოგურტი, 1,5 ლ რძე. მოსამზადებლად მიყევით შემდეგ ინსტრუქციას.

  1. ქვაბში ჩაასხით რძე და ნაღები და დაადგით დაბალ ცეცხლზე, გაათბეთ 40 გრადუსამდე. ამავდროულად გააცხელეთ ღუმელი 110 გრადუსზე და შემდეგ გამორთეთ ცეცხლი ღუმელში.
  2. ფინჯანში შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი და იოგურტი, შემდეგ კი ჩაასხით რძისა და ნაღების ნარევში და კარგად მოურიეთ. ყველის მომზადებისას არ არის საჭირო მასის ბოლომდე მორევა.
  3. გააჩერეთ ქვაბი ცეცხლზე, სანამ 80 გრადუსამდე არ გაცხელდება ნარევი. თუ სამზარეულოს თერმომეტრი არ გაქვთ, იხელმძღვანელეთ გარეგნული ნიშნებით: მასის ზედაპირზე გამოჩნდება ხაჭოს ფანტელები შრატისგან განცალკევებით, ცოტახნის შემდეგ კი ქვაბის ცენტრში ფორმირდება “კრატერი” შრატისა და ბუშტუკებისგან. მოათავსეთ ქვაბი ცხელ, მაგრამ გამორთულ ღუმელში ერთი საათით.
  4. საწურში ჩააფინეთ წყალში დასველებული მარლის რამდენიმე ფენა და დადეთ ქვაბზე. ფრთხილად გადაიტანეთ მასა საწურში, გააჩერეთ, რომ შრატი გამოედინოს. შეფუთეთ მიღებული ყველი მარლის ბოლოებით და ზემოდან პატარა ზომის სიმძიმე დადეთ. შეინახეთ ცივ ადგილას რამდენიმე საათით.ფაფუკი ყველი ძალიან მოეწონებათ თქვენს პატარებს, უბრალოდ დაუმატეთ მას ცოტაოდენი მურაბა ან თაფლი. იგი ძალიან კარგია მათთვის, ვინც დიეტაზეა.