ფაფუკი ღვეზელი ხრაშუნა ქერქით და გოგრის შიგთავსით

293

უგემრიელესი ღვეზელი ნაპოვნია! Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გოგრის მარმელადი ცომეულის გასავსებად. შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს. ღვეზელი გოგრის შიგთავსით თქვენს სუფრაზე ხშირი სტუმარი გახდება. ჰაეროვანი დესერტის გემო დაგიპყრობთ.

როგორ გამოვაცხოთ ღვეზელი გოგრის შიგთავსით

ღვეზელის შიგთავსი მაქსიმალურად არომატული რომ იყოს, სეზონურ ნაყოფს ფორთოხალიც დაუმატეთ. ნახევარი ციტრუსი საკმარისია, რომ დესერტს განუმეორებელი ნოტები შემატოთ.

ინგრედიენტები:

  • 350 გ ხორბლის ფქვილი
  • 80 მლ წყალი
  • 18 გ საფუარი
  • 80 გ კარაქი
  • 0,5 ფორთოხალი
  • 230 გ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 3 კვერცხი
  • 600 გ გოგრა
  • 1 ჩ/კ ვანილი

მომზადების წესი:

1. დაპრესილი საფუარი თბილ წყალში გახსენით. ცალკე 2 კვერცხი 50 გ შაქართან ერთად ათქვიფეთ. მიღებულ ნარევს საფუარის ხსნარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

2. დიდ თასში 300 გ ხორბლის ფქვილი და მარილი ჩაყარეთ. კვერცხის ნარევი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. თანდათან 30 გ რბილი კარაქი დაუმატეთ.

3. ცომი დააგუნდავეთ. ზეთწასმულ თასში გადაიტანეთ. პარკი დააფარეთ და 1 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ახლა ჩაზილეთ, კვლავ გადააფარეთ და ამოსვლა აცადეთ.

4. გოგრას ქერქი და თესლი მოაშორეთ. პატარა კუბებად დაჭერით. ფორთოხლის ცედრა გახეხეთ. ციტრუსის რბილობი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ყველაფერი აურიეთ.

5. 20 გ კარაქი ტაფაზე გაადნეთ. გოგრის და ფორთოხლის ნარევი დაუმატეთ. 150 გ შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. რბილობი ჩაშუშეთ. გაგრილება აცადეთ.

6. მზა ცომი ჩაზილეთ. 12 ნაწილად დაყავით. თითოეული დააგუნდავეთ. გადააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

7. ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე ცომის ბურთები მრგვალ ფირფიტად გააბრტყელეთ. ცენტრში 1 ს/კ გოგრის შიგთავსი დაუმატეთ. კიდეები შეკარით.

8. ღვეზელები პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე ნაკერით ქვემოთ გადაიტანეთ. მსუბუქად ხელი დააჭირეთ. გადააფარეთ და 40 წუთით გააჩერეთ.

9. ნაფშვენი მოამზადეთ. 50 გ ფქვილი, 30 გ შაქარი და ვანილი აურიეთ. 30 გ ცივი კარაქი დაუმატეთ და ხელით აურიეთ.

10. კვერცხი 0,5 ს/კ წყალთან ერთად ათქვიფეთ. მიღებული ნარევი ღვეზელს წაუსვით და ნაფშვენი მოაყარეთ.

11. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 17-20 წუთით აცხვეთ.

ჰაეროვანი ცომი და ფერადი შიგთავსი ყველაზე მოღრუბლურ ამინდშიც განწყობას აგიმაღლებთ. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა ფაფუკ ღვეზელს გოგრის მარმელადით მოამზადებთ. არომატი მთელ სახლში გავრცელდება.