კარტოფილი იმ პროდუქტებს მიეკუთვნება, რომლის გაფუჭებაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ის შესანიშნავია ნებისმიერი სახით: შემწვარი, მოხარშული, გამომცხვარი, მოთუშული, ფარშირებული… კარტოფილის კერძების რეცეპტებიც უხვადაა, მაგრამ ეს არ გახლავთ მიზეზი, რომ ახალი არ აღმოვაჩინოთ.
ამჯერად მოგითხრობთ, როგრ მოამზადოთ კანგაუცლელი გამომცხვარი კარტოფილი არომატული ყველის ნაზავის შიგთავსით. სცადეთ და შედეგით აუცილებლად აღფრთოვანდებით.
ინგრედიენტები
- 3 ც კარტოფილი
- 3 კბ ნიორი
- 100 გრ არაჟანი
- 30 გრ კარაქი
- 100 გრ მაგარი ყველი
- 30 გრ კამა
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ კანგაუცლელი კარტოფილი ან შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ. გაჭერით შუაზე. კოვზით ამოიღეთ გულები.
- ცალკე თასში შეურიეთ არაჟანი, გატარებული ნიორი, დაჭრილი მწვანილი, დარბილებული კარაქი, გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. მიღებული მასის ნახევარი შეურიეთ კარტოფილის გულებს.
- დატენეთ კარტოფილის “ნავები” მიღებული შიგთავსით. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი ან ფოლგა, მოათავსეთ კარტოფილი, ზემოდან დარჩენილი მასა მოასხით. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
შესანიშნავი კერძი მზადაა! მიირთვით ცხლად, ბოსტნეულის სალათთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!