უკვე წლებია, რაც ლეღვის მურაბას ბებიის ნასწავლი რეცეპტით ვამზადებ

5569

ლეღვის მურაბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და მისი მომზადებაც შედარებით განსხვავდება დანარჩენი მურაბებისგან. მას უმეტესად აგვისტოსა და სექტემბერში ამზადებენ. სამურაბედ უნდა შევარჩიოთ პატარაყუნწიანი, თხელკანიანი მკვრივი, მწიფე ლეღვი. დღეს მინდა შემოგთავაზოთ რეცეპტი, რომელიც ბებიამ რამდენიმე ათეული წლის წინ მასწავლა. მას შემდეგ მუდამ მისი რეცეპტით ვხელმძღვანელობ, რადგან გასაოცრად გემრიელი და არომატული გამოდის… სცადეთ თქვენც!

ინგრედიენტები:

  •  1 კგ ლეღვი
  • 1100 გ შაქარი
  • 50-60 მლ არაყი
  • 2 ჭიქა წყალი
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. ლეღვი ჩანგლით დავჩხვლიტოთ აქა-იქ და ამოვავლოთ არაყში.
  2. შაქრისგან მოვამზადოთ სიროფი.
  3. როდესაც შაქრის სიროფს დუღილისას თეთრი ქაფი მოშორდება და გამჭვირვალე ბუშტუკებს გაიკეთებს, დავასხათ ქვაბში ჩაწყობილ ლეღვს. ასე გავაჩეროთ 8-9 საათის განმავლობაში.
  4. მურაბა ვხარშოთ თავდახურული, საშუალო ცეცხლზე, სანამ მომზადდება. მოხარშული ლეღვი რბილი უნდა იყოს და კოვზით ადვილად იჭრებოდეს.
  5. მურაბას დავუმატოთ ვანილი და ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში.