უგემრიელესი ცივი სუპები, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს გაგიადვილებთ

2070

ცივი სუპი ძირითადად პურის ბურახისა და ჭარხლის ნახარშისგან მზადდება, რომელიც არც ძალიან ახალი უნდა იყოს და არც ძალიან მჟავე. პური ბურახზე მომზადებული სუპი, მასში შემავალი პროდუქტების ხასიათის მიხედვით ამა თუ იმ  სახელწოდებას ატარებს – აკროშკა, სვიოკოლნიკი და ბოტვინია.

აკროშკას საკმაზი (გარნირი) შედგება მოხარშული ხორცის პროდუქტებისგან (ხორცი, ლორი, ენა) ანდა მოხარშული ბოსტნეულისგან (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, თალგამი), ახალი კიტრისა და მაგრად მოხარშული კვერცხის ცილისგან.

ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი წვრილად დაიჭრება, ნიორი ხის კოვზით ან ავანდასტით ცოტა მარილთან  ერთად გაისრისება, სანამ წვენს არ გამოყოფს და ისე აირევა ბურახში. ბურახი წინასწარ შეზავებული უნდა იყოს გასრესილი კვერცხის გულის ერთგვაროვანი მასით, არაჟნით, შაქრით, მარილით და გამზადებული სუფრის მდოგვით.

სვიოკოლნიკისათვის უნდა მოიხარშოს კარგად გაწმენდილი გარეცხილი ჭარხალი (კანიანად), განაწურ ნახარში შეერევა თანაბარი რაოდენობის ბურახი, მიემატება შაქარი, მარილი, დაჭრილი ჭარხალი, ნაჭრებად დაჭრილი ახალი კიტრი და არაჟანი.

სუფრაზე მიტანისას აკროშკას და სვიოკოლნიკს დაკეპილი კამა ჩაემატება. სვიოკოლნიკში, გარდა აღნიშნულისა, ჩაიდება შუა-შუად დაჭრილი, მაგრად მოხარშული კვერცხი.

ბოტვინია მზადდება მჟაუნის და ისპანახის პიურესგან, რომელიც ბურახით განზავდება, შენელდება მარილით, შაქრით და სუფრაზე მიიტანება მოხარშულ თევზთან ერთად, ვიტამინების შენარჩუნების მიზნით, მჟაუნა და ისპანახი თავისივე წვენით, ე.ი. უწყლოდ უნდა მოიხარშოს, ორთქლით.

სუპის ტემპერატურა უნდა უდრიდეს 8-12 გრადუსს. სუფრაზე მიტანისას შეიძლება შიგ ყინულის ნაჭრების ჩამატება ან ცალკე თეფშით მიტანა.