როგორ მოვამზადოთ ბადრიჯნის კოტლეტები: არომატული და ძალიან ნოყიერი კერძი

1034

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ კოტლეტში ხორცი მთავარი ინგრედიენტი არაა. ზაფხულში უფრო მსუბუქი კერძების ჭამა გვსურს. სწორედ ამიტომ, რატომ არ მოვამზადოთ არომატული და ძალიან გემრიელი ბოსტნეულის კოტლეტები ტრადიციული ხორციანი კოტლეტების ნაცვლად?

დღეს „გასტრონომია“ გთავაზობთ ბადრიჯნის კოტლეტების რეცეპტს, რომელიც ხორციანს არაფრით ჩამოუვარდება. სუფრაზე შეგიძლიათ ცხელი ან ცივი სახით გაიტანოთ. კოტლეტები კარტოფილის პიურეს და პომიდვრის სალათებს კარგად ეთავსება. მერწმუნეთ, მისი გემო ვეგეტარიანელებს და ხორცის მოყვარულებს ერთნაირად მოეწონებათ!

ბადრიჯნის კოტლეტები

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ბადრიჯანი
  • 150 გრ ხმელი ყველი
  • 150 გრ დაქუცმაცებული ორცხობილა (საფანელი)
  • 100 გრ პური (ბატონი)
  • სანელებლები გემოვნებით
  • 2 კონა ოხრახუში
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 კვერცხი
  • ცოტა რძე
  • 200 გრ რბილი ყველი (სულგუნი, ბრინზა ან მოცარელა)
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება:

1. ტაფას ცოტა ზეთი დაასხით და კუბებად დაჭრილი ბადრიჯანი ოდნავ მობრაწეთ. ნახევარი ჭიქა წყალი დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და 15-20 წუთით მოთუშეთ.

2. ამის შემდეგ 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში დაუმატეთ.

3. ბადრიჯანი თასში გადაიტანეთ და გაგრილება აცადეთ.

4. მასას მარილი მოაყარეთ, გახეხილი ხმელი ყველი, კვერცხი, წინასწარ რძეში ჩალბობილი პური, საფანელი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დანაყული ნიორი, შავი დაფქული წიწაკა დაუმატეთ.

5. მიღებულ ფარშს აურიეთ. თუ თხევადი გამოვიდა, ცოტა საფანელი დაუმატეთ.

6. ფარშიდან კვერები გააკეთეთ, მასში რბილი ყველის ნაჭერი ჩადეთ.

7. ხელისგულებით დაამრგვალეთ და კოტლეტების ფორმა გააკეთეთ.

8. ფქვილში ან საფანელში ამოავლეთ.

9. კოტლეტები ცოტა მცენარეულ ზეთში ოდნავ შეწვით.

10. შემდეგ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე ან უბრალოდ ქაღალდ გადაფარებულ ფორმაზე მოათავსეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ. ქერქის მიღებამდე აცხვეთ.

ბოსტნეულის კოტლეტების მომზადება სცადეთ, შესაძლოა ტრადიციულ ხორციანზე უფრო მეტად მოგეწონოთ. რეცეპტი მოგეწონათ? მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!