მწვანე ლობიო ნიგვზით – საგაზაფხულო ჯანსაღი კერძი

4736

ლობიოს შემოსვლამ ქართულ სამზარეულოში დიდი გარდატეხა მოახდინა, მას როგორც ხმელი, ისე ნედლი სახითაც ამზადებენ. მწვანე ლობიოს დასავლეთ საქართველოში ნიგვზითა და სანელებლებით აზავებენ, ხოლო აღმოსავლეთში – ხახვი, ერბოთი და კვერცხით. დღეს ლობიოს ნიგვზით მოვამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • მწვანე ლობიო – 200 გ
  • ნიგოზი – 50 გ
  • ხახვი – 2 თავი
  • ნიორი – 1-2 კბილი
  • ქინძი – 10 გ
  • რეჰანი – 10 გ
  • კამა – 10 გ
  • მწვანე წიწაკა – 1 ცალი
  • ძმარი – 10 მლ
  • წყალი – ლობიო რომ დაფაროს
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. ქორფა მწვანე ლობიოს ბოლოები მოაცილეთ, დაამტვრიეთ ორ ან სამ ნაწილად, გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. მოხარშეთ მარილწყალში (მარილი დაამატეთ გემოვნებით). გადაწურეთ და გააგრილეთ.
  2. ცალკე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დანაყეთ როდინში: ნიგოზი, ნიორი, ქინძი, რეჰანი, კამა  და წიწაკა (მარილთან ერთად) და შეურიეთ ლობიოს. ბოლოს დაამატეთ დაკეპილი ხახვი და მარილი. მოასხით ცოტაოდენი ძმარი გემოვნებით და კარგად ამორიეთ.
  3. სურვილისამებრ მიეცით მხალის ბურთულების ფორმა, ან უბრალოდ ამოურიეთ კარგად და ისე მიიტანეთ მაგიდასთან.