ყაბაყი ძალიან ღირებული ბოსტნეულია. გემრიელი და სასარგებლოა, ალერგიას არ იწვევს. ყაბაყის პიურეთი ჩვილი ბავშვის მენიუს გამრავალფეროვნება იწყება. ამ ბოსტნეულის ჭამა შეგიძლიათ, როგორც კი, კვლებში პირველ ყვავილებს დაინახავთ. ყაბაყის, პატისონის და გოგრის ყვავილები საკვებად ვარგისია!
Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ორიგინალური კერძი ყაბაყის ყვავილებით.
ყაბაყის ყვავილი
ყაბაყი უკვე მაისში შეგიძლიათ დათესოთ. 1 თვეში პირველი ნარინჯისფერი კოკრები გამოჩნდება. მათი მოწყვეტა არ იჩქაროთ. ჯერ დააკვირდით და ფუჭყვავილა გამოავლინეთ. მათი ჭამა არ დაგენანებათ.
თუ ყვავილის ქვეშ პატარა ყაბაყს ხედავთ, გამოდის, მისგან სრული ბოსტნეული გაიზრდება. ასეთ ყვავილებს არ შეეხოთ. ფუჭყვავილას ნასკვის ნიშანიც არ აქვს, ღერო თხელია და ნაყოფს არ მოგცემთ. შეგიძლიათ მოწყვიტოთ, მაგრამ ერთდროულად ყველა არა. ასეთი სილამაზე ხომ არ უნდა გაქრეს.
ყაბაყის ყვავილები დილით შეაგროვეთ. კვლებში წადით. ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ ქვეყანაში ბოსტნეულის დელიკატესი უახლოეს სუპერმარკეტში ან ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ. ყაბაყის ყვავილების კერძი იმდენად პოპულარულია, რომ ხალხი ამაზე ბიზნესს აკეთებს. ყვავილები იმავე დღეს გამოიყენეთ, რადგან დიდხანს არ ინახება. ძალიან ნაზია.
როგორ მოვამზადოთ ყაბაყის ყვავილები ხაჭოს შიგთავსით კლიარში
ყაბაყის ყვავილები იდეალურია გამოსაცხობად, ფარშირებისთვის და კლიარში შესაწვავად. მომზადებამდე კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ, მტვრიანა და ბუტკო მოაშორეთ. იტალიური რეცეპტით მომზადებული კლიარში ამოვლებული ყაბაყის ყვავილები ხაჭოს შიგთავსით ამ უჩვეულო პროდუქტის გასაცნობად იდეალურია.
ინგრედიენტები:
- 20 ყაბაყის ყვავილი
- 1 ჭიქა ცივი მინერალური წყალი
- 1 კვერცხი
- 5 ს/კ ფქვილი
- 0,5 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
- 0,5 ჩ/კ სიმინდი
- 200 გ ცხიმიანი ხაჭო
- 1 ხახვი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1 ს/კ პესტოს სოუსი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
1. კვერცხი ათქვიფეთ, წყლის ნაწილი და ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ არ დაკორკოშდეს. ნიორი, კურკუმა და მარილი დაუმატეთ, წყალი დაასხით, ათქვიფეთ და მასა მაცივარში შეინახეთ. ეს ფარშირებული ყაბაყის ყვავილების კლიარია.
2. ხაჭო და პესტოს სოუსი შიგთავსისთვის აურიეთ. ხახვი დააქუცმაცეთ და ოქროსფერ შეფერილობამდე მცენარეულ ზეთში შეწვით. ხახვი ხაჭოს მასას დაუმატეთ და საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ.
3. ყაბაყის ყვავილები შიგთავსით გაავსეთ. ღრმა ტაფაში მცენარეული ზეთი გააცხელეთ. თითოეული ყვავილი კლიარში ამოავლეთ და 1 წუთით თითოეული მხრიდან შეწვით. მზა ყვავილები ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. მზადაა!
როგორ მოვამზადოთ ყაბაყის ყვავილები ბერძნული რეცეპტით
ინგრედიენტები:
- 25 ყაბაყის ყვავილი
- 1 ჭიქა ბრინჯი
- 2 პატარა პომიდორი
- 1 ხახვი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- მწვანილი (ცერეცო, ოხრახუში, პიტნა)
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
- არაჟანი ან ბერძნული იოგურტი სოუსისთვის
მომზადების წესი:
1. შიგთავსი მოამზადეთ. გარეცხილ ბრინჯს წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და გამორთეთ. პომიდორს ქერქი მოაშორეთ და დააქუცმაცეთ. დაჭრილი ხახვი ზეითუნის ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით და პომიდორი დაუმატეთ, 7 წუთით სუსტ ცეცხლზე ჩაშუშეთ. ბრინჯი გადაწურეთ და ხახვს დაუმატეთ.
2. მწვანილი დაჭერით. შიგთავსს დაუმატეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. კარგად აურიეთ, ქურას მოაშორეთ, რომ შიგთავსი გაგრილდეს.
3. თითოეული ყვავილი შიგთავსით გაავსეთ და ფურცლების კიდეები შეკარით. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და შიგთავსიანი ყვავილები ერთ რიგად მჭიდროდ ჩააწყვეთ. ფორმის ძირში ცოტა წყალი დაასხით, ყვავილს ნახევრამდე უნდა წვდებოდეს.
4. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ. როგორც კი, წყალი აორთქლდება, კერძი ღუმელიდან გამოიღეთ. ფარშირებული ყაბაყის ყვავილები არაჟანთან ან ბერძნულ იოგურტთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. მზადაა!
თუ სტუმრების და ოჯახის წევრების გაოცება გსურთ, ყაბაყის ყვავილების მომზადება აუცილებლად სცადეთ. ასეთი კერძი გულგრილს არავის დატოვებს. გემრიელად მიირთვით!