იტალიური დესერტი – მარტივი, სწრაფი და გასაგიჟებელი არომატით

2196

ეს იტალიური დესერტი ფლორენციაში გამოიგონეს. “ალხერმესი” ღია წითელი შეფერილობის ლიქიორია, რომელსაც ფლორენციელი ბერები ამზადებდნენ. ამ დესერტის მომზადებისას “ალხერმესი” შეგიძლიათ შეცვალოთ წითელი ფერის ნებისმიერი  მსუბუქი ლიქიორით.

ინგრედიენტები:

  • 5 დიდი კვერცხის გული
  • 3/4 ფინჯანი (150 გ) შაქარი
  • 1/3 ფინჯანი ფქვილი
  • 2 ფინჯანი რძე
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 125 გ  გახეხილი შავი შოკოლადი; დამატებით – მოსართავად
  • 1/2 ფინჯანი ლიქიორი “ალხერმესი”
  • 1/2 ფინჯანი რომი
  • 1/4 ფინჯანი წყალი
  • 20 ცალი იტალიური ნამცხვარი “სავოიარდი”
  • ათქვეფილი ნაღები – მოსართავად

მომზადების წესი:

  1. გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი. შეურიეთ ფქვილი.
  2. რძე ვანილთან ერთად გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ.
  3. ნელ-ნელა ჩაასხით კვერცხიან მასაში და 7-8 წუთი სქელძირიან ქვაბში, დაბალ ცეცხლზე განუწყვეტლივ ურიეთ, რომ ერთგვაროვანი კრემი მიიღოთ.
  4. მოხარშული კრემის ნახევარი თასში გადაიტანეთ, გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი, რომ ზედაპირი არ გაუმაგრდეს.
  5. ცხელწყლიან ორთქლის აბაზანაში გაადნეთ შოკოლადი.
  6. დარჩენილი მოხარშული კრემი შეურიეთ გამდნარ შოკოლადს. ცეცხლზე 2 წუთი დატოვეთ. განუწყვეტლივ ურიეთ.
  7. შოკოლადიანი მოხარშული კრემი ჯამში გადაიტანეთ და სამზარეულოს ცელოფანი გადააკარით.
  8. ცალკე თასში შეურიეთ ლიქიორი, რომი და წყალი.
  9. ამ ნაზავში ამოავლეთ ნამცხვარი და მინის განიერ თასში ჩააწყვეთ.
  10. წაუსვით შოკოლადის კრემი, ზემოდან ისევ დასველებული ნამცხვარი დააწყვეთ ერთ ფენად და მოხარშული კრემი მოასხით.
  11. ბოლო ფენა უნდა იყოს ლიქიორის ნაზავში დასველებული ნამცხვარი. თავდახურული მაცივარში დატოვეთ 12 საათი.
  12. სუფრაზე მიტანის წინ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით, თუ გნებავთ, გახეხილი შოკოლადიც მოაყარეთ.

ულუფა: 8-10

მომზადება: 45 წუთი+12 საათი გასაცივებლად

დონე: 1