დიეტური ბანანის კექსი ფქვილის გარეშე

1392

ბევრი ადამიანი ზაფხულისთვის წონის დაკლებას ცდილობს და მკაცრ დიეტას იცავს. როგორც წესი, პირველ რიგში, კალორიულ ტკბილეულებზე უარს ამბობენ. ტვინი ასეთ პირობებს დიდხანს ვერ უძლებს და რამდენიმე დღეში ტკბილეულს ითხოვს. კვების სპეციალისტები გირჩევენ, რომ შაქარი რაციონიდან არ ამოიღოთ, არამედ შეამციროთ ან უფრო სასარგებლო პროდუქტებზე გადახვიდეთ. Gastronomia გასწავლით, როგორ მოამზადოთ საოცარი კექსი ფქვილის გარეშე. დაგჭირდებათ შვრია, რძე, ბანანი და კაკალი.

ინგრედიენტები:

  • 150 გ შვრიის ფანტელები
  • 250 მლ რძე
  • 2 ბანანი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი

მომზადების წესი:

1. შვრიის ფანტელები ბლენდერის ჭიქაში ან ღრმა თასში გადაიტანეთ. ბანანი დაჭერით და შვრიას დაუმატეთ. 250 მლ რძე დაასხით. თუ კალორიების შემცირება გსურთ მცენარეული რძე (ქოქოსის, შვრიის, სოიოს ან ბრინჯის) გამოიყენეთ. სხვა შემთხვევაში, ძროხის რძეც გამოგადგებათ.

2. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი და 2 კვერცხი დაუმატეთ. ბლენდერით ან სათქვეფით ათქვიფეთ.

3. კექსის საცხობ ფორმას კარაქი ან რაფინირებული მცენარეული ზეთი უხვად წაუსვით. ცომი ჩაასხით. ზემოდან დაქუცმაცებული ნიგოზი ან მიწისთხილი მოაყარეთ. 200 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ.

თუ სურვილი გაქვთ, ცომს ნებისმიერი ჩირი, ცუკატი ან თესლი დაუმატეთ. თუ უფრო ტკბილი კექსი გსურთ, ყვავილების თაფლი დაუმატეთ. კექსი ზემოდან შეგიძლიათ ვაშლის ნაჭრებით ან ციტრუსით გააფორმოთ. ფანტაზია გამოავლინეთ და ექსპერიმენტები ჩაატარეთ. გემრიელად მიირთვით!