ალუბლის ღვინო – გემრიელი და გამაგრილებელი შუშხუნა სასმელის 3 უნიკალური რეცეპტი

2420

ალუბალი ყველაზე მოთხოვნადი და გემრიელი ხილია. მისგან მომზადებული ჯემი, წვენი თუ მურაბა ბევრს უყვარს. სწორედ ამ საოცარი კენკრისგან მოვამზადებთ დღეს იდეალურ სასმელს-ალუბლის ღვინოს. აი, მისი რეცეპტიც, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ.

ალუბლის ღვინო

მომზადების წესი:

ავიღოთ 2 ვედრო ძალიან მწიფე ალუბალი. 1 ვედრო დავჭყლიტოთ და ჩავასხათ კასრში, მეორე ვედრო კი დავნაყოთ კურკებიანად, დავაყაროთ თავისი წონის ერთი მეექვსედი შაქარი და წამოვადუღოთ. შემდეგ ადუღებული ალუბალი კურკებითურთ ჯერ კიდევ ცხელი, დავასხათ დაჭყლეტილ ალუბალს ( რომელიც კასრშია). კასრი დავდგათ ისეთ ადგილას, სადაც ტემპერატურა 10-12 გრადუს არ აღემატება. კასრში შუა ნახვრეტიდან ჩავასხათ მთელი ეს მასა, ნახვრეტიდან ჩავყოთ ჯოხი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ კასრს დავუცოთ თავი და ასე დავტოვოთ რამდენიმე დღე, სანამ დადუღდებოდეს.

იმის გასაგებად ალუბალმა დაიწყო თუ არა დუღილი, კასრს მოვაძროთ საცობი და შიგ ჩავყოთ ანთებული კარტოფილის ან თაფლის სანთელი. თუ სანთელი ჩაქრა, დუღილი დაწყებულა, იგივე გავიმეოროთ – 4-5 დღის შემდეგ. თუ სანთელი კვლავ ჩაქრა, მაშასადამე, დუღილი გრძელდება. კიდევ მესამედ გავიმეოროთ და, თუ სანთელი არ ჩაქრა, ეს ნიშნავს, რომ დუღილი დამთავრებულია, ალუბალი გადავწუროთ და ჩავასხათ ბოთლებში.

ალუბლის ღვინო შეიძლება მოვამზადოთ შემდეგნაირადაც: 

ალუბლის ადუღებულ წვენს მისი წონის ერთი მეათედი წითელი ყურძნის ღვინო და ერთი მეოთხედი არაყი შევურიოთ და შემდეგ ჩავასხათ ბოთლებში. ბოთლები კარგად თავდაცობილი უნდა შევინახოთ. ეს სასმელი ნამდვილი ყურძნის ღვინისაგან ძნელად გაირჩევა.

თუ გვინდა ღვინო დადგეს ტკბილი არაშუშხუნა, უნდა მოვიქცეთ ასე: 

მწიფე ალუბალი დავსრისოთ, გავაჩეროთ 25-30 საათი. შემდეგ კარგად გამოვწუროთ. ამ წვენის ყოველ 10 კილოგრამს დავუმატოთ 1 კილოგრამი შაქრის ფხვნილი და 1 ლიტრი არაყი. დალექვის შემდეგ სუფთა ნაწილი გადავწუროთ, ჩავასხათ ბოთლებში და კარგად თავდაცობილი  შევინახოთ გრილ და მშრალ ადგილას. რამდენიმე თვის შემდეგ მივიღებთ გემრიელ სასიამოვნო გამაგრილებელ სასმელს.