ტკბილეულობის მოყვარულების საბედნიეროდ იტალიელმა კონდიტრებმა შექმნეს შესანიშნავი დესერტი “ტირამისუ”. ეს ნაზი ნამცხვარი ითავსებს მასკარპონეს, ბისკვიტის ორცხობილებს, ყავასა და შავ შოკოლადს. ამ ინგრედიენტების ნაზავი საუცხოო შედეგს იძლევა. მაგრამ თუკი იტალიელებისთვის ეს პროდუქტები ჩვეულია, ჩვენთვის ხანდახან ხელმიუწვდომელი და ძვირიც.
ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ რეცეპტს, სადაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი კომპონენტებია გამოყენებული. და ვინაიდან ქალბატონები მუდამ ცდილობენ გაუფრთხილდნენ ფიგურას, გადავწყვიტეთ დესერტი დიეტურიც იყოს.
ინგრედიენტები
- 200 გრ მარწყვი
- 0,5 ჭ რძე
- 500 გრ ხაჭო
- 50 გრ შავი შოკოლადი
- 2 ს.კ. ყავა
- 2 ც ბანანი
მომზადება
1. გარეცხეთ მარწყვი, გადადეთ ერთი ცალი. გაფცქვენით ბანანი და დაჭერით მარწყვთან ერთად.
2. დააბლენდერეთ ხაჭო. შეურიეთ რძე და ყავა.
3. შეარჩიეთ ბრტყელძირიანი ფორმა ან სასალათე. დაალაგეთ ფსკერზე ბანანის მესამედი. ზემოდან დაალაგეთ მარწყვის ფენა, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, წაუსვით ხაჭოს მასა.
4. გაიმეორეთ იგივე პროცედურა ინგრედიენტების ამოწურვამდე. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და მორთეთ მარწყვით.
5. შედგით დესერტი მაცივარში 4 საათით, ან უმჯობესია მთელი ღამით.
თუ დიეტას იცავთ, მარწყვისა და ბანანის სიტკბო საკმარისი იქნება, თუ არა და, შეგიძლიათ ხაჭოს დაუმატოთ ვანილის შაქარი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!