ბოზბაში ქართული ცხელი კერძია. მზადდება ცხვრის ან ბატკნის ხორცისგან. მისი მომზადების ორი ვარიანტი არსებობს. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ვარიანტს.
ინგრედიენტები:
- ხორცი – 1 კგ
 - დუმა – 100 გ
 - ხახვი 3-4 თავი
 - ბრინჯი 2 სუფრის კოვზი
 - მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
 - ზაფრანა 1 ჩაის კოვზი
 - კვერცხი – 3 ცალი
 - ქინძი – 50 გ
 - ტარხუნა – 50 გ
 
მომზადების წესი:
- ცხვრის ან ბატკნის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვათავსოთ ქვაბში.
 - ჩავამატოთ დუმა. დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ ხორცი კარგად დაიფაროს.
 - დროდადრო მოვხადოთ ქაფი.
 - ნახევარი საათის დუღილის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, ხორცი და დუმა ამოვიღოთ, ხოლო წვენი გავწუროთ.
 - სუფთა ქვაბში ჩავყაროთ ხორცი, ჩავამატოთ ხორცთან ერთად მოხარშული და შემდეგ წვრილად დაკეპილი დუმა, წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დაფქული ბრინჯი, დავასხათ ბულიონი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.
 - ხორცი რომ მოიხარშება, ქვაბი გადმოვდგათ ქურიდან და ცოტა გავარგრილოთ.
 - ცალკე გავთქვიფოთ კვერცხი და ნელ-ნელა ჩავასხათ ქვაბში, თან განუწყვეტლივ ვურიოთ.
 - შევანელოთ მარილით, წმინდად დაფქული შავი პილპილით და წვენშივე გახსნილი დაფქული ზაფრანით.
 - გავაცხელოთ, ოღონდ არ უნდა ავადუღოთ. დავუმატოთ ახალი ქინძი და ტარხუნა.
 - სურვილისამებრ გაგრილებული ბოზბაში შეიძლება შევაზავოთ ტყემლის, კოწახურის ან ბროწეულის გამოწურული სუფთა წვენით.
 
გემრიელად მიირთვით!
            







