წარმოუდგენლად გემრიელი ბატის ხინკალი მესხურად

1898

ბატის ხინკალი მესხეთის სოფლებში ყოველ ახალ წელს მზადდებოდა. ბატის აპოხტისაგან მომზადებული ხინკალი ტრადიციული კერძია მესხეთსა და ჯავახეთში. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი გემრიელია ბატის ხინკალი. ვისაც ჯერ არ დაგიგემოვნებიათ, აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 1 კგ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • წყალი – 1,5 ჩაის ჭიქა
  • ბატი – 1 ცალი
  • მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მოვზილოთ ხინკლის ცომი: ხორბლის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, შუაში ჩავაღმავოთ, ჩავასხათ ცივი, მარილიანი წყალი, 1 ცალი კვერცხი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავაბრტყელოთ და დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად.
  2. ახალდაკლული ბატის ხორცი (შეიძლება და ძალიან გემრიელი გამოდის ბატის აპოხტიდანაც) დავკეპოთ პატარ-პატარა ნაჭრებად, ჩავდოთ წინასწარ გამზადებულ ცომში და მოვახვიოთ.
  3. გამზადებული ხინკლები ფენა-ფენად ჩავალაგოთ ღრმა ტაფაში, დავასხათ წყალი ერთ მესამედზე, მჭიდროდ დავახუროთ თავი და დავდგათ მოსახარშად-ჩასაშუშად. როცა წყალი ამოშრება, ხინკალი მზადაა.
  4. ხინკალი ამოვიღოთ ლანგარზე, ზემოდან მოვასხათ ნიორწყალი ან მაწონი და მივიტანოთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!