მჭადი სიმინდის ფქვილისა და წყლისგან მომზადებული ერთგვარი კვერია, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ტრადიციულად კეცებში აცხობენ და სხვადასხვა კერძთან ერთად მიირთმევენ. მჭადი ძალიან უხდება ლობიოს, ცხარე-მჟავე კერძებს და რა თქმა უნდა, მხალეულს და ტრადიციულ, იმერულ ყველს.
ინგრედიენტები:
- 500 გ გაცრილი სიმინდის ფქვილი
- წყალი – რამდენსაც შეიზელს
- მარილი – გემოვნებით
- რამდენიმე კაკლის ან კომშის ფოთოლი
მომზადების წესი:
- სიმინდის ფქვილს დავაყაროთ მწიკვი მარილი, ნელ-ნელა დავუმატოთ წყალი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი დიდხანს ვზილოთ ხელით, შემდეგ 15 წუთი დავასვენოთ.
- ღუმელში გავახუროთ კეცი და ჩავაფინოთ კაკლის ფოთლები.
- მჭადის ცომი ხელში მოვაგუნდავოთ, მივცეთ მრგვალი ფორმა და კეცზე მოვათავსოთ.
- გუნდას არ უნდა ჰქონდეს ნაპრალები.
- ცომს ზემოდან კაკლის ფოთლები დავაფაროთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 40-45 წუთის განმავლობაში.