ლობიო ერთ-ერთი სასარგებლო წარმომადგენელია პარკოსანთა ჯგუფიდან. საქართველოში მას ბევრი მოყვარული ჰყავს. ამიტომაც გადავწყვიტეთ დღეს უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო ლობიოს წვნიანის რეცეპტი შემოგთავაზოთ. ის გაცილებით უფრო სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ წესით მომზადებული ამოლესილი ლობიო.
ლობიოს სუპი ზეთით
ინგრედიენტები:
- ლობიო – 500 გრამი
- ზეთი – 4 სუფრის კოვზი
- ხახვი – 2 თავი
- სხვადასხვა მწვანილი – 1 პატარა კონა (ქინძი აუცილებელია)
- დაფნის ფოთოლი – 3 ცალი
- მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
კარგად დარჩეული ლობიო გავრეცხოთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ოთხჯერ მეტი იყოს, ვიდრე ლობიო. ჩავაყოლოთ დაფნის ფოთლები. მოხარშვის შემდეგ ჩავყაროთ მარილი გემოვნების მიხედვით, წვრილად დაჭრილი ყოველგვარი მწვანილი და ცალკე ტაფაზე ზეთში მოხრაკული წვრილად დაჭრილი ხახვი. სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კამა და ქინძი. სურვილის მიხედვით შეიძლება დაემატოს 2 – 3 კოვზი ძმარი.
თუ ლობიომ ხარშვის დროს წყალი ძალიან შეიშრო (რაც ლობიოს ხარისხზეა დამოკიდებული), დუღილის დროს დავუმატოთ ცხელი წყალი.
აუცილებლად მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!