სასარგებლო და გემრიელი გოგრის ოლადები. როგორც ტკბილს, ასევე მარილიანს ვაკეთებ

193

გოგრა სასარგებლო და უნივერსალური ბოსტნეულია. როგორც ტკბილ, ასევე მარილიან კერძში შეგიძლიათ გამოიყენოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია ოლადების მომზადების ორ რეცეპტს გთავაზობთ. აუცილებლად სცადეთ, მოგეწონებათ.

მარილიანი და პიკანტური გოგრის ოლადები

მარტივი რეცეპტია. რაღაცით კარტოფილის ბლინებს ჰგავს, მაგრამ კარტოფილის გემოსთან საერთო არაფერი აქვს. აქ უფრო პიკანტური ინგრედიენტები შედის, რაც კერძს გემრიელს და საინტერესოს ხდის.

ინგრედიენტები:

  • 400 გ გათლილი გოგრა
  • 1 კვერცხი
  • 2–3 ს/კ ფქვილი
  • 3 კბილი ნიორი
  • სუნელიანი მწვანილი – მაგალითად, კამა და ოხრახუში. თუ გაქვთ ხმელი ან ახალი თავშავა და რეჰანი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები – თუ უფრო პიკანტური გსურთ, ხმელი სუნელი და ცხარე წიწაკა დაუმატეთ.
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. გოგრა წვრილად გახეხეთ, რადგან მის შეწვას მეტი დრო სჭირდება.
  2. ახალი მწვანილი წვრილად დაჭერით. თუ გსურთ, ბლენდერში დააქუცმაცეთ, მაგრამ ფაფად არ აქციოთ.
  3. გოგრა, მწვანილი, კვერცხი, ფქვილი, პრესში გატარებული ნიორი და სანელებლები აურიეთ.
  4. ტაფაზე ზეთი კარგად გააცხელეთ და გოგრის ოლადები კოვზით გადაიტანეთ. 2–3 წუთით ორივე მხრიდან შეწვით. ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად ქაღალდზე გადაიტანეთ.
  5. მარილიან გოგრის ოლადებს არაჟნის და ნაღების სოუსი იდეალურად უხდება. ისედაც ნივრიანი და პიკანტურია.

ტკბილი გოგრის ოლადები

გოგრის რბილობი ბევრ შაქარს შეიცავს, ამიტომ მისგან იდეალური ტკბილი კერძები გამოდის. მაგალითად, ფუნთუშა, ნამცხვარი, ტორტი, ჩირი ან ოლადები. ბავშვებს ასეთი კერძი ძალიან მოეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ გათლილი გოგრა
  • 1 კვერცხი
  • 2–3 ს/კ ფქვილი
  • 2–3 ს/კ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. გოგრა წვრილად გახეხეთ.

2. კვერცხი, ფქვილი, მწიკვი მარილი და ნახევარი შაქარი აურიეთ.

3. ტაფაზე ზეთი კარგად გააცხელეთ და გოგრის ოლადები კოვზით გადაიტანეთ. 2–3 წუთით ორივე მხრიდან შეწვით.

4. მომზადებამდე 30 წამით ადრე ოლადებს პირდაპირ ტაფაზე ცოტა შაქარი მოაყარეთ. შაქარი მაღალ ტემპერატურაზე კარამელიზდება.

5. მზა ოლადები ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

შაქრის ხრიკის გამოყენებით გოგრის ოლადები კარამელისფერ ქერქს მიიღებს. თბილი ოლადები მიირთვით, რომ ხრაშუნა იყოს. მაწონი მიაყოლეთ. კენკრით ან ხილით გააფორმეთ.