აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და შესაბამისად მძიმე მარხვისთვის უნდა მოვემზადოთ. კერძი, რომელსაც გასტრონომია გთავაზობთ სწორედ ის კერძია რომელიც ძალიან დაეხმარებათ მემარხულეებს.
ბოსტნეულის ტოლმა
ინგრედიენტები:
- 20 ცალი პეკინური კომბოსტოს ფოთოლი
- 6 თავი ხახვი
- 1 მოზრდილი სტაფილო
- 500 გ ისპანახი
- 2 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
- 1 კონა ოხრახუში
- ზეთი მოსაშუშად
- მარილი, წიწაკა, ძირა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბრინჯი გავრეცხოთ, 20-25 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ 7-8 ჭიქა მარილიან წყალში და საწურზე გადავწუროთ.
- 4 თავი ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ სტაფილოსთან ერთად.
- ისპანახი 2-3 წუთით ვადუღოთ, გავწუროთ და დავჭრათ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ.
- ბოსტნეული ავურიოთ ბრინჯს, გავუწყოთ მარილი, ძირა და წიწაკა.
- პეკინური კომბოსტოს ფოთლები მოვწალოთ მდუღარე მარილიან წყალში. ფოთლებზე მოვათავსოთ ბრინჯისა და ბოსტნეულის გულსართი და გადავახვიოთ.
- ქვაბში მოვშუშოთ 2 თავი ხახვი, ზემოდან დავაწყოთ ტოლმები, დავაფაროთ თეფში, დავასხათ მარილგამოწყობილი წყალი (წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ტოლმები ნახევრად დაიფაროს) და ვხარშოთ 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით.