ვამზადებთ შოკოლადის ორცხობილას შიგთავსით. რეცეპტი ფრანგული საცხობიდან

231

Gastronomia.ge–ს რედაქცია განსაკუთრებულ რეცეპტს გიზიარებთ. ორცხობილა შიგთავსით საფრანგეთიდან, გემრიელი დესერტების სამშობლოდან მოვიდა. ხრაშუნა დელიკატესი კაკაოთი და თხევადი შოკოლადით არა მხოლოდ ბავშვებს და ზრდასრულ ტკბილეულის მოყვარულებს, არამედ ცომეულის მიმართ გულგრილებსაც თავს შეაყვარებს.

ყავას ან თბილ რძეს იდეალურად ეთავსება. 7 დღე ჰერმეტულ კონტეინერში თავისუფლად შეგიძლიათ შეინახოთ. ფონდანის ეს კომპაქტური ანალოგი მარტივად მზადდება: სწრაფი, ხელმისაწვდომი და ადვილია. ტექსტურით და გემოთი ორცხობილის და ბრაუნის კომბინაციას ჰგავს.

ორცხობილა შოკოლადის შიგთავსით: მომზადების ნიუანსები

ქვემოთ მოცემული ინგრედიენტების რაოდენობით დაახლოებით 12 ორცხობილა გამოდის. თუ დიდი ოჯახი გაქვთ ან დიდ წვეულებას მართავთ, უფრო მეტი გააკეთეთ. სასურველია, დიდი ზომის კვერცხი გამოიყენოთ, ხოლო კარაქის ცხიმიანობა მინიმუმ 83% იყოს. შიგთავსად ნებისმიერი ხარისხის შავი შოკოლადი გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • 220 გ ხორბლის ფქვილი
  • 100 გ შავი შოკოლადი
  • 120 გ შაქრის ფხვნილი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 100 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 5 გ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

1. ოთახის ტემპერატურის კარაქი და კაკაო ფაფუკი მასის მიღებამდე 5 წუთი ათქვეფეთ. კვერცხი დაუმატეთ და კიდევ 3 წუთი თქვეფეთ.

2. ცალკე ხორბლის ფქვილი, სოდა და გამაფხვიერებელი გაცერით. კარაქის მასას დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. ცომი 12 ნაწილად გაყავით. პატარა ბლინები გააკეთეთ, ცენტრში შოკოლადის ნატეხი დადეთ, შემდეგ ცომის კიდეები შეკარით.

4. ნამზადები პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

5. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 13 წუთით კონვექციის რეჟიმზე აცხვეთ. გემრიელად მიირთვით.

დეგუსტაციამდე ორცხობილები 10-15 წუთი დაასვენეთ. სურვილისამებრ, დარჩენილი შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.