ძეხვზე უკეთესია. როგორ მოვამზადოთ ხორციანი რულეტი კვერცხით უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით

147

ასეთი ხორციანი რულეტის ნაჭრები ძალიან ეფექტურად გამოიყურება და ამშვენებს ნებისმიერ სუფრას, იქნება ეს სადღესასწაულლო თუ ყოველდღიური. კვერცხის შიგთავსი განსაკუთრებული მეთოდით, ჭიქაში მზადდება. მზა ფარში უჩვეულოდ ნაზი და წვნიანი გამოდის.

ცოტა ყველის და ლორის წყალობით წარმოუდგენელ გარეგნობას და არომატს იძენს. Gastronomia.ge–ს რედაქცია დაჟინებით გირჩევთ, ასეთი დელიკატესი მოამზადოთ. დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ მაღაზიაში ნაყიდი ხორცნაწარმის სასარგებლო ალტერნატივა გახდება. გემრიელი, მარტივი და ძალიან ორიგინალური.

როგორ მოვამზადოთ ხორციანი რულეტი კვერცხით უნიკალური მეთოდის გამოყენებით

ამ რეცეპტს ნებისმიერი დიასახლისი გაუმკლავდება. კვერცხის შიგთავსის წარმატებით მოსამზადებლად ერთადერთი პირობაა: ჭიქები სწორი გვერდებით. ასე კვერცხის ნამზადი მარტივად გამოსაყენებელი იქნება, მთელ ნაწარმზე თანაბრად განაწილდება. სურვილისამებრ, ფარშს შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილები ან საყვარელი სანელებლები. ხორცი ნებისმიერი გამოგადგებათ, მაგრამ ღორის და ძროხის ხორცის ნარევით განსაკუთრებით გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 600 გ ღორის ფარში
  • 6 გ დაფქული შავი წიწაკა
  • 100 გ ხმელი ყველი
  • 10 გ მარილი
  • 100 გ ლორი
  • 7 კვერცხი

მომზადების წესი:

1. ფარში გადაიტანეთ ღრმა თასში, კვერცხი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ხელით კარგად აურიეთ.

2. ხორცის ნარევი ფოლგაზე გადაიტანეთ და საშუალო სისქის ფირფიტად გააბრტყელეთ. ზემოდან თხლად დაჭრილი ყველის ნაჭრები დაადეთ, შემდეგ – ლორი.

3. ქვაბში ჩაასხით 2 ლ წყალი და ქურაზე დადგით. 2 მაღალი ჭიქა აიღეთ და მათში 3-3 ცალი კვერცხის ცილა ჩაასხით. კვერცხის გულები ცალკე თასში გადაიტანეთ და ჩანგლით ათქვეფეთ.

4. ჭიქები ოდნავ გაცხელებულ წყალში ჩადეთ და დაელოდეთ, სანამ ცილები გათეთრდება და გამკვრივდება. შემდეგ წყლიდან ამოიღეთ და გვერდზე გადადეთ.

5. პლასტმასის ბოთლს თავი და ძირი მოაჭერით. სიგრძეზე გაჭერით, რომ თხელი მილი გააკეთოთ. მიღებული მილი ცილის ნამზადში ჩადეთ და ათქვეფილი კვერცხის გულები ჩაასხით.

6. ჭიქები კვერცხის მასებით იმავე წყლიან ქვაბში ჩადეთ. კიდევ რამდენიმე წუთით ხარშეთ. შემდეგ კვერცხი ჭიქებიდან ამოიღეთ.

7. კვერცხის ნამზადები ხორცის, ყველის და ლორის ფენას ფრთხილად დაადეთ. მჭიდრო რულეტი გააკეთეთ.

8. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ფოლგა მოაშორეთ. მარილი, წიწაკა მოაყარეთ, მცენარეული ზეთი მოასხით.

9. კერძი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი აცხვეთ.

მზა რულეტი დამოუკიდებელ კერძად შეგიძლიათ მიირთვათ ან გარნირი დაუმატოთ, როგორიცაა მაკარონი, ბრინჯი ან კარტოფილის პიურე. სალათის ფურცლები და ცოტა ახალი ბოსტნეული გამოიყენეთ, რომ მეტი სიფერადე შემატოთ.