ალუბლის ტორტს მხოლოდ ალუბლის ტორტი ქოქოსის კრემით თუ აჯობებს. ნაზი ქოქოსი და მჟავე ალუბალი საოცარ კომბინაციას და გემოების ზეიმს ქმნის. საკმაოდ ბიუჯეტური ტორტია, მხოლოდ ხელმისაწვდომი ინგრედიენტები და მცირე დრო გჭირდებათ. Gastronomia.ge–ს რედაქცია უკრაინელი მზარეულის, ლილია ცვიტის რეცეპტს გიზიარებთ. შემოგვიერთდით ტორტის მომზადებაში.
შოკოლადის ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 5 კვერცხი
- 130 გ შაქარი
- 20 გ კაკაო
- 30 გ მცენარეული ზეთი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 100 გ ფქვილი
ალუბლის ფენის ინგრედიენტები:
- 400 გ ალუბალი
- 150 გ შაქარი
- 40 გ სახამებელი
- 200 მლ წყალი
ქოქოსის კრემის ინგრედიენტები:
- 700 მლ რძე
- 150 გ შაქარი
- 10 გ ვანილი
- 60 გ მანანის ბურღული
- 100 გ ქოქოსი
- 100 გ კარაქი
დასანამი ნარევის ინგრედიენტები:
- 150 მლ წყალი
- 1 ჩ/კ ვანილი
- 2 ჩ/კ შაქარი
- 1 ს/კ რომი
მომზადების წესი:
1. შოკოლადის ბისკვიტი მოამზადეთ. კვერცხის ცილები გულებისგან დააცალკევეთ. კვერცხის ცილები ათქვიფეთ, შაქარი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ. კვერცხის გულები დაუმატეთ, ათქვეფა გააგრძელეთ. ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ კაკაო და ფქვილი დაუმატეთ. თხელი ერთგვაროვანი ცომი ფორმაში ჩაასხით და 170 გრადუსზე 45 წუთით აცხვეთ.
2. მზა ბისკვიტს გაგრილება აცადეთ. შემდეგ ზედა თავი მოაჭერით, რომ სწორი ფენა მიიღოთ. ახლა სამ ფენად დაყავით. დასანამი ნარევის მისაღებად ყველა ინგრედიენტი აურიეთ, შემდეგ ბისკვიტის ფენები დანამეთ.
3. ალუბლის ფენისთვის ალუბალი და შაქარი აურიეთ და სუსტ ცეცხლზე დუღილიდან 5 წუთით ხარშეთ. სახამებელი ან ალუბლის პუდინგი წყალში გახსენით, რომ ერთიანი მასა მიიღოთ, შემდეგ ალუბალს დაუმატეთ. 2 წუთით გასქელებამდე ხარშეთ. ალუბლის ფენაც გასაგრილებლად გვერდზე გადადეთ.
4. ქოქოსის კრემი მოამზადეთ. რძეს შაქარი, ვანილი და მანანის ბურღული დაუმატეთ, აურიეთ და გასქელებამდე ხარშეთ. ადუღებულ კრემს ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ. ქურიდან გადმოდგით და კარაქი დაუმატეთ. აურიეთ. კრემი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
5. ტორტი ააწყვეთ. ბისკვიტის პირველ ფენას ცოტა კრემი წაუსვით, შემდეგ ალუბლის ნარევი დაუმატეთ, ისევ კრემი წაუსვით და ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ. შემდეგ ისევ კრემი, ალუბლის ნარევი, კრემი და ბოლოს უბრალოდ ბისკვიტის მესამე ფენა. თქვენი სურვილისამებრ გააფორმეთ. მაგალითად, ზემოდან კრემი თხლად წაუსვით, ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ და ალუბალი დააწყვეთ. ტორტი 12 საათით მაცივარში შეინახეთ.
დროა არომატული ყავა ან ჩაი მოადუღოთ, ტორტი გამოიტანოთ და ოჯახის წევრებს სუფრაზე უხმოთ. ყველას ნამდვილად მოეწონება. ის ხომ ასეთი გემრიელი და უჩვეულოა.