ბავარიული კრემი კლასიკური დესერტია, რომელიც მოხარშული კრემით, ათქვეფილი ნაღებითა და ჟელატინით მზადდება. კულინარიის ისტორიკოსებმა ზუსტად არ იციან, ის მართლაც ბავარიაში გამოიგონეს თუ ფრანგმა კულინარებმა დაარქვეს ასე – მათ, ვინც ეს ნუგბარი პოპულარული გახადა მე-19 საუკუნეში.
ინგრედიენტები:
მოხარშული კრემი:
- 1/3 ფინჯანი (90 მლ) რძე
- 1/3 ფინჯანი (90 მლ) ცხიმიანი ნაღები
- 1 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
- 3 დიდი კვერცხის გული
- 1/4 ფინჯანი (50 გ ) შაქარი
- 2 ფირფიტა ჟელატინი ან 1 ½ ჩაის კოვზი ჟელატინის ფხვნილი + 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი
- 250 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
- 3/4 ფინჯანი (200 მლ) ცხიმიანი ნაღები
მოსართავად:
- 30 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
- 1/2 ფინჯანი (100 გ) ახალი, შერეული კენკრა (მარწყვი, მოცვი, მაყვალი და ა.შ.)
მომზადების წესი:
- მოხარშული კრემი: სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, ნაღები და დადგით საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ ვანილის ჩხირი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- დიდ თასში მიქსერით, მაღალი სიჩქარით, ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი, ვიდრე არ გათეთრდებადა კრემის სისქისა არ გახდება. ვანილის ჩხირი ამოიღეთ და ცხელი რძიანი მასა დაუმატეთ გოგლი-მოგლს, თან კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ჩაასხით ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და დაახლოებით 5 წუთი განუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე მასა არ გასქელდება (კრემი არ უნდა ადუღდეს).
- ჟელატინის ფირფიტები ცივწყლიან პატარა თასში ჩაყარეთ დასარბილებლად დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ ფირფიტები ამოიღეთ წყლიდან, ფრთხილად გაწურეთ და შეურიეთ თბილ კრემს.
- თუ ჟელატინის ფხვნილს იყენებთ, დაასხით 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი და 5 წუთით დატოვეთ. როცა გაფუვდება, შეათბეთ და დაუმატეთ კრემს.
- კრემი გაწურეთ წმინდა საწურში და გასაგრილებლად დადგით. ურიეთ, რომ ქაფი არ წარმოიქმნას. შოკოლადი დაბალ ცეცხლზე წყლის ორთქლზე გაადნეთ, გააგრილეთ და შეურიეთ მოხარშულ კრემს. თავზე დააფარეთ და გააცივეთ.
- ნაღები ათქვიფეთ ისე, რომ ძალიან არ გასქელდეს და შეურიეთ შოკოლადს. თუ მოხარშული კრემი ძალიან გასქელდა, ჩადგით ცხელწყლიან ჯამში და ურიეთ, სანამ არ გათხელდება, რომ ნაღებს კარგად შეუზავდეს.
- 125 მლ მოცულობის 4 ყალიბს ცოტა ცხიმი წაუსვით და ჩაასხით მიღებული მასა. მაცივარში გამკვრივებამდე, 3-4 საათით შედგით.
- სუფრაზე მიტანის წინ ფრთხილად გადმოიღეთ ყალიბებიდან და ცალ-ცალკე დაალაგეთ. მორთეთ გახეხილით შოკოლადით, კენკროვანი ხილით ან თქვენი ფანტაზიით.
გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.