ვანილის კრემის სუპერ რეცეპტი! ქათქათა თეთრი და ტკბილი კრემი თქვენი ნამცხვრებისა და დესერტებისთვის

3630

ვანილის კრემი არომატით კრემ ანგლეზის მსგავსია, ოღონდ უფრო სქელია, რადგან სიმინდის სახამებელი ემატება. ეს კრემი გამოიყენება ფენოვანი და სხვა ტიპის  ნამცხვრების და დესერტებისთვის.

ინგრედიენტები :

  • 5 დიდი კვერცხის გული
  • 150 გ შაქარი
  • 2-4  კოვზი სიმინდის სახამებელი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ფინჯანი (500 მლ) რძე
  • 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)

მომზადების წესი:

  1. გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი. შეათქვიფეთ სიმინდის სახამებელი და მარილი. სახამებლის დოზა თავადაც შეგიძლიათ განსაზღვროთ იმის მიხედვით, თუ როგორი სისქის კრემის მიღება გსურთ.
  2. მიიყვანეთ რძე ადუღებამდე, შემდეგ შეურიეთ გოგლიმოგლი.
  3. შემოდგით დაბალ ცეცხლზე, სანამ არ გასქელდება და მოიხარშება, დაახლოებით 10 წუთი. პირველი 5 წუთი განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით, შემდეგ კი მიქსერით განაგრძეთ თქვეფა, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს. ზუსტად ერთი წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, მორევა არ შეწყვიტოთ.
  4. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ვანილი ან სხვა არომატი. თუ მაშინვე არ იყენებთ კრემს, გადაიტანეთ ჯამში და დააფარეთ პლასტმასის ხუფი ან გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი, რომ ზედაპირზე ქერქი არ გაიკეთოს.

მოხარშული კრემი შეგიძლიათ სხვადასხვა არომატით გაამდიდროთ:

შოკოლადის კრემი: ცხელ რძეს დაუმატეთ 150 გ მსხვილად დატეხილი შოკოლადი. ურიეთ, სანამ არ გაზავდება.

ყავის კრემი :ცხელ რძეს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა.

ლიმონის კრემი: კრემს ხარშვისას დაუმატეთ 1 ლიმონის ცედრა ან უკვე მომზადებულ მოხარშულ კრემს დაუმატეთ 2-3 ჩაის კოვზი ლიმონის ახალგამოწურული წვენი. არ გამოიყენოთ ვანილის ექსტრაქტი.

ლიქიორის არომატი: მოხარშულ კრემს მომზადების შემდეგ დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი სასურველი ლიქიორი. “გრან მარნიე” თქვენს კრემს ფორთოხლის არაჩვეულებრივ არომატს შესძენს.