საზამთროს მურაბის ყველაზე სწრაფი და იოლი რეცეპტი

6139

საქართველო ხილით მდიდარი ქვეყანაა, ამიტომაც კულინარიაში ხილის გამოყენება ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებად შეიძლება მივიჩნიოთ. სხვადასხვა კუთხის კერძებში ხილისგან მომზადებული საწებლებისა თუ შეჭამანდების საინტერესო მრავალფეროვნებაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ხილისგან ტკბილი, შაქრიანი დესერტის მომზადება უფრო გვიანდელი გავლენის შედეგია. ძველად ქართველები ხილს უფრო მეტად აშრობდნენ და ჩირისა თუ ტყლაპის სახით ინახავდნენ.

მურაბა განსაკუთრებით აქტუალური მეცხრამეტე საუკუნეში გახდა უკვე რუსული და ევროპული კულინარიის გავლენით.

აღსანიშნავია, რომ ხილის გარდა, მურაბა ნედლი ბოსტნეულისგან მზადდება, განსაკუთრებით საინტერესო კი გირჩისა და კაკლის მურაბაა, რომლებიც ეგზოტიკური გემოს მოყვარულებს ძალიან მოსწონთ.

გასტრონომია დღეს სამზამთროს მურაბის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები: 

  • საზამთროს ქერქი – 1 კგ
  • შაქარი – 1,3 კგ
  • წყალი – 2 ლ
  • სოდა – 1,5 ჩ.კ.
  • ლიმონი – 1 ცალი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. სქელქერქიანი საზამთრო გათალეთ და ამოაჭერით რბილობი. ქერქი დაჭერით დაახლოებით 4-5 სმ-ის სხვადასხვა ფორმის ნაჭრებად და ყველა ნაჭერი ალაგ-ალაგ დაჩხვლიტეთ წვრილი ჩხირით. ჩააწყვეთ ქვაბში, დაახით 1 ლიტრი ცივი წყალი.
  2. 200 მლ  ცხელ წყალში გახსენით 1,5 ჩ.კ. სოდა და ისიც დაამატეთ საზამთროს ნაჭრებს. გააჩერეთ 4-5 საათი. შემდეგ გადაწურეთ და საზამთროს ნაჭრები დიდხანს რეცხეთ გამდინარე წყალში.
  3. ჭურჭელში ჩაასხით 600 მლ ადუღებული წყალი, ჩაყარეთ 600 გრამი შაქარი და მოადუღეთ სიროფი. ქვაბში ჩააწყვეთ გამზადებული, გარეცხილი  სიროფი. დაადგით ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთს. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 9-10 საათს.
  4. კარგად გაცივებულ საზამთროს მურაბას დააყარეთ 700 გრამი შაქარი, ისევ დადგით ცეცხლზე და ხარშეთ, სანამ ქარვისფერი არ გახდება. შეგიძლიათ ხარშვის დროს დაამატოთ 1 ცალი დაჭრილი ლიმონი.
  5. საზამთროს მურაბა რომ მოიხარშება, დაამატეთ ვანილი (სურვილისამებრ) და ჩაასხით შუშის ქილებში.