მიმზიდველი და უგემრიელესი მარწყვის მუსის ტარტი – სადილის იდეალური დასასრული

2761

ეს გემრიელი ტარტი არაჩვეულებრივია საგანგებო სადილის ან ვახშმის ეფექტიანი დასასრულისთვის. ტარტის ცომი შეგიძლიათ შედარებით ადრე მოამზადოთ და გამოაცხოთ, გულსართი კი სუფრაზე მიტანამდე 2 საათით ადრე მაინც ჩადეთ. თუ ამას უფრო ადრე გააკეთებთ, ნამცხვარი მეტისმეტად დარბილდება და ხრაშუნა არ იქნება.

ინგრედიენტები: 

ცომი:

  • 150 გ კარაქი, კუბებად დაჭრილი, დარბილებული
  • 75 გ შაქრის პუდრი
  • 2 დიდი კვერცხის გული
  • 250 გ ფქვილი
  • 3-4 ჩაის კოვზი ცივი წყალი

გულსართი: 

  • 3 ფინჯანი მარწყვი
  • 2 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი
  • 3 ჩაის კოვზი ჟელატინის ფხვნილი
  • 2 დიდი კვერცხი
  • 2 დიდი კვერცხის გული
  • 70 გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 125 გ ცხიმიანი ნაღები
  • შაქრის პუდრი, მოსაყრელად

ულუფა: 6-8

მომზადება: 45 წუთი + 4 საათი გასაციველად

ცხობა: 15 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ცომი: 25 სმ დიამეტრის მქონე ტარტის ყალიბს მსუბუქად წაუსვით ცხიმი.
  2. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი, შაქრის პუდრი და დარიჩინი სანამ არ გათეთრდება და კრემის კონსისტენციის გახდება.
  3. თით-თითოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები, სანამ სრულიად გაზავდება.
  4. შეურიეთ ფქვილი და წყალი.
  5. ცომი დააგუნდავეთ, შემოახვიეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააცივეთ მაცივარში 1 საათი.
  6. ცომი 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე.
  7. ჩადეთ ცომი ყალიბში, გააბრტყელეთ და გვერდები შემოჭერით. თავზე დააფარეთ და ისევ მაცივარში შედეთ 30 წუთით. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
  8. ცომიან ყალიბს პერგამენტი დააფარეთ და მშრალი მარცვლეული (ბარდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვ.) მოაყარეთ.
  9. აცხვეთ 15 წუთი, სანამ ღია ოქროსფერს მიიღებს.
  10. მოაცალეთ ქაღალდი და სიმძიმე და გადადგით გასაცივებლად.
  11. ბლენდერში ათქვიფეთ მარწყვის ნახევარი. გაწურეთ წვრილ საწურში და პატარა ქვაბში გადაიტანეთ.
  12. დადგით საშუალო ცეცხლზე და სანამ ადუღდება, გადმოდგით.
  13. ადუღებული წყალი ჩაასხით პატარა ფინჯანში, ჩაყარეთ ჟელატინი და ურიეთ სრულ გაზავებამდე.
  14. ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი, კვერცხის გული, შაქარი და ვანილი, სანამ მკრთალი ფერის და კრემის ტექსტურისა გახდება. თანდათან ჩაუმატეთ ცხელი მარწყვის პიურე და თქვიფეთ. ეს ნაზავი შემოდგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ და დატოვეთ ოდნავ გასქელებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი და გააზავეთ.
  15. მარწყვის მასა გაწურეთ წმინდა საწურში საშუალო ზომის ჯამში და გააცივეთ მაცივარში, დროდადრო ურიეთ, სანამ გაგრილდება, დაახლოებით 30 წუთი.
  16. პატარა ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები, სანამ გამკვრივდება.
  17. ჩაუმატეთ ნაღები გაგრილებულ მარწყვს და მასა მომზადებულ ტარტის ყალიბში გადაიტანეთ.
  18. მორჩენილი მარწყვი დაჭერით და ლამაზად მოაწყვეთ მუსის ზედაპირზე.
  19. გააცივეთ სანამ გამაგრდება, 2 საათი.
  20. მოაყარეთ შაქრის პუდრი და სუფრაზე მიიტანეთ.