ხორცის რულეტები ხახვის ბალიშზე: დაბეგვეთ, შიგთავსით გაავსეთ და აცხვეთ

656

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნაზ, წვნიან და არომატულ ხორცის რულეტებს. გემრიელი ხორციანი კერძის მომზადების მთელ საიდუმლოს ჩვენი რეცეპტიდან გაიგებთ.

ინგრედიენტები:

  • 700 გრ ღორის სუკი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 კონა კამა
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 1 ხახვი
  • 100 გრ ხმელი ყველი
  • 2 მწნილი კიტრი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი დაფქული წიწაკა

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. ღორის სუკი ჯერ დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.

3. ხორცის ნაჭრები სამზარეულოს ჩაქუჩით რაც შეიძლება თხლად დაბეგვეთ. ხორცის თხელი ფირფიტები უნდა მიიღოთ. ეცადეთ, არ გახიოთ და არ დააზიანოთ.

4. შიგთავსისთვის ყველი და კიტრის მწნილი გახეხეთ.

5. თასში რბილი კარაქი, დაჭრილი კამა და ნიორი აურიეთ.

6. ხორცი თანაბარ ზედაპირზე დადეთ, მარილი და დაფქული წიწაკა მსუბუქად მოაყარეთ. თხელი ფენა კარაქის საკაზმი წაუსვით.

7. კუთხეში ჩაის კოვზი გახეხილი კიტრი და ყველი მოათავსეთ.

8. ახლა დაბეგვილი ხორცი ტოლმასავით შეახვიეთ.

9. ასე ყველა ხორცის ნაჭერი გაავსეთ.

10. ხორცის რულეტები ფქვილში ამოავლეთ.

11. ტაფაზე გახურებულ მცენარეულ ზეთში მოათავსეთ და ძლიერ ცეცხლზე ყველა მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.

12. საცხობ ფორმაში ხახვის რგოლები ჩააწყვეთ. ზემოდან შემწვარი ხორცის რულეტები დაადეთ.

13. ფოლგა დააფარეთ და 20 წუთით ღუმელში აცხვეთ. შემდეგ ფოლგა მოაშორეთ, გახეხილი ყველი მოაყარეთ და კიდევ 10 წუთით აცხვეთ.

14. ხორცის რულეტები მზადაა. ხორცი ნაზი, წვნიანი და არომატულია, ხოლო ხახვი გარნირის როლს ასრულებს.

გემრიელად მიირთვით!