ბადრიჯნის კონსერვი ზამთრისთვის შესანახად ან ექსპრეს მეთოდით რამდენიმე დღეში

759

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ბადრიჯნის კონსერვს, რომელიც შეგიძლიათ ზამთრისთვის შეინახოთ ან სწრაფი მეთოდით რამდენიმე დღეში მოამზადოთ. მოცემული რეცეპტი 1,5 ლიტრიან ქილაზეა გათვლილი, მაგრამ თამამად შეგიძლიათ ინგრედიენტები გაზარდოთ და ბევრი გააკეთოთ. წასახემსებელი ხომ ძალიან გემრიელი გამოდის!

ინგრედიენტები:

  • 4 ბადრიჯანი
  • 0,5 ს/კ + 1,5 ს/კ მარილი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 3 ს/კ 9%–იანი ძმარი
  • 1 ლ წყალი

მომზადების წესი:

1. მოცემული ინგრედიენტები მოიმარაგეთ. ქილა წინასწარ შეარჩიეთ, ბადრიჯანი მასში ვერტიკალურად უნდა ჩააწყოთ. იდეალურია, 1,5 ლ მოცულობის ქილა.

2. ბადრიჯანი გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით, ქვაბში მოათავსეთ, 0,5 ს/კ მარილი მოაყარეთ, წყალი დაასხით ისე, რომ ბოსტნეული თავისუფლად ცურავდეს.

3. გაზქურაზე დადგით და ადუღების შემდეგ 10 წუთით ხარშეთ. ბადრიჯანი ჩვეულებრივ ზედაპირზე ცურავს, ამიტომ უნდა გადააბრუნოთ, რომ თერმულად თანაბრად დამუშავდეს. ქვაბიდან ამოიღეთ, გააგრილეთ ისე, რომ ბოსტნეულის ხელში დაჭერა შეძლოთ.

4. შიგთავსისთვის კუბებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა თასში მოათავსეთ.

5. დაქუცმაცებული ოხრახუში და ნიორი დაუმატეთ.

6. შიგთავსის ინგრედიენტები კარგად აურიეთ.

7. ბადრიჯანი თითქმის შუა სიღრმემდე ჩაჭერით. ჩაკეტილი ჯიბე უნდა გამოვიდეს. მზა შიგთავსით გაავსეთ.

8. ქილაში ფრთხილად ჩააწყვეთ. ჩემს ქილაში 4 ბადრიჯანი ჩაეტია.

9. მარილწყლისთვის ქვაბში 1,5 ს/კ მარილი, 3 ს/კ შაქარი და 1 ლ წყალი აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

10. ბადრიჯანს ცხელი მარინადი დაასხით. სუფრის ძმარი პირდაპირ ქილაში ჩაასხით.

11. თავსახური დაახურეთ და მაცივარში 4-5 დღე გააჩერეთ. თუ კონსერვს ზამთრისთვის აკეთებთ, უბრალოდ ქილები და ხუფები გაასტერილეთ და მოხუფეთ. ამ შემთხვევაში 2-ჯერ უნდა დაასხათ: პირველად, უბრალოდ მდუღარე წყალი, 5 წუთში ქვაბში გადაასხით, მარილი და შაქარი დაუმატეთ, კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ და ისევ ქილაში ბოსტნეულს დაასხით. ბადრიჯნის კონსერვი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!