ფუმფულა ღვეზელის ცომის მარტივი რეცეპტი

794

ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს, როგორ მოამზადოს საფუარის ცომი. არ შეგეშინდეთ! ეს საშიშად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში რთული არაფერია. მთავარია, Gastronomia.ge–ს რედაქციის რეცეპტს ზუსტად მიჰყვეთ.

მარტივი ხრიკები იდეალური ცომის მისაღებად

  • ყველა ინგრედიენტი ერთი ტემპერატურის უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, კვერცხი და რძე მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ, რომ ოთახის ტემპერატურის გახდეს.
  • რძე 30 გრადუსამდე შეათბეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საფუარი არ იმოქმედებს. ცხელი სითხე საფუარს „კლავს“ და ცომს ამოსვლის საშუალებას არ აძლევს.
  • ღვეზელის ცომის მოსამზადებლად წინასწარ აფუებული ცომი აუცილებლად გააკეთეთ.
  • როცა ცომი მზად იქნება, ფანჯარა დახურეთ. სამზარეულოში მზადების დროს პატარა ორპირიც არ უნდა იყოს.

გაითვალისწინეთ, რომ 2 სახის საფუარი არსებობს: სწრაფი და აქტიური. სანამ საფუარს გამოიყენებთ, ინსტრუქცია წაიკითხეთ. მაგალითად, აქტიური საფუარი თბილ წყალში უნდა გახსნათ და სრულ გახსნას დაელოდეთ, სწრაფი საფუარი პირდაპირ ცომს შეგიძლიათ დაუმატოთ. ასევე საფუარის აქტივობა მწარმოებლის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

ინგრედიენტები:

  • 0,7 კგ ფქვილი
  • 400 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 15 გრ მშრალი საფუარი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, აფუებული ცომი გააკეთეთ. ის საფუარს „გააცოცხლებს“, რის ხარჯზეც ცომი ჰაეროვანი და ნაზი გამოვა.
  2. თასში 200 მლ თბილი რძე ჩაასხით, შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. 2 ს/კ ფქვილი და საფუარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სუფთა პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას ნახევარი საათით გააჩერეთ.
  3. ცოტა ხანში დუღილი დაიწყება: ნახშირორჟანგი გამოიყოფა და ბუშტები წარმოიქმნება. რაც უფრო მეტი ბუშტია, მით უფრო ფუმფულა ღვეზელი გამოვა. გარეგნულად აფუებული ცომი ქაფს ჰგავს. დარჩენილი რძე, კვერცხი, ზეთი და გემოვნებით მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  4. ფქვილი რამდენჯერმე გაცერით, რომ ჟანგბადით კარგად გამდიდრდეს. ნარევს 0,5 კგ ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
  5. მოზელვის დროს დარჩენილი ფქვილი თანდათან დაუმატეთ. ცომი ელასტიური და წელვადი უნდა გამოვიდეს.
  6. ცომს ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ, პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ.
  7. ღვეზელის ცომი მზადაა! უბრალოდ შეუდარებელი გამოვიდა. შეგიძლიათ შეწვათ ან ღუმელში გამოაცხოთ.
  8. შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, ბოსტნეული, ხორცი ან ტკბილი შიგთავსი (ხილი, კენკრა, მურაბა).