გემრიელი სამკუთხა ღვეზელი ხაჭოს შიგთავსით

927

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ სამკუთხა ღვეზელის რეცეპტს, რომელიც მეორე დღესაც რბილი დარჩება.

ძალიან გემრიელი, ფუმფულა ღვეზელი არომატული შიგთავსით მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები

საფუარისთვის:

  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 50 მლ სუფთა წყალი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 11 გრ მშრალი საფუარი

ცომისთვის:

  • 600 გრ ხორბლის ფქვილი
  • 150 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 50 გრ კარაქი
  • 200 მლ არაჟანი
  • 30 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი

შიგთავსისთვის:

  • 800 გრ ფხვიერი ხაჭო
  • 150 გრ შაქარი
  • 1,5 ს/კ მანანის ბურღული
  • 50 გრ ქიშმიში
  • 1 კვერცხი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • მწიკვი მარილი

როგორ მოვამზადოთ ღვეზელი ხაჭოს შიგთავსით

თავდაპირველად საფუარი მოამზადეთ

  1. თასში ოთახის ტემპერატურის წყალი ჩაასხით. მშრალი საფუარი და შაქარი დაუმატეთ.
  2. ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. 15 წუთით გააჩერეთ.

საფუარი გააქტიურდა, ახლა ცომი მოამზადეთ

  1. ცომისთვის ყველა პროდუქტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. საფუარის მასას ვანილის შაქარი და მარილი დაუმატეთ. აქვე კვერცხი ჩაატეხეთ და არაჟანი დაუმატეთ (20% ცხიმიანობის არაჟანი).
  2. გამდნარი კარაქი და შაქარი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. მოზელვის პროცესში ულუფებად მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
  3. ცომი მაგიდაზე გადაიტანეთ და კიდევ 3-4 წუთით მოზილეთ. ცომი ოდნავ წებოვანი გამოვა.
  4. ცომი თასში გადაიტანეთ, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ. პარკი ან პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ (ცომი მოცულობაში 3-ჯერ გაიზრდება).

შიგთავსი მოამზადეთ

  1. თასში ხაჭო და ქიშმიში (ქიშმიში სურვილისამებრ) მოათავსეთ. ქიშმიში წინასწარ ცივ წყალში გარეცხეთ და გააშრეთ.
  2. შიგთავსს მწიკვი მარილი და ვანილის შაქარი დაუმატეთ.
  3. მანანის ბურღული და შაქარი დაუმატეთ (შაქარი გემოვნებით).
  4. 1 ლიმონის ცედრა გახეხეთ.
  5. კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ღვეზელი გააკეთეთ

  1. ფქვილ მოყრილ მაგიდაზე ცომი გადაიტანეთ. ცომი 1-2 წუთით მსუბუქად ჩაზილეთ და თანაბარ ნაწილებად (16 ნაწილი) დაყავით.
  2. ცომის ნაჭრები ბურთებად გააფართოვეთ. თხელ კვერებად გააბრტყელეთ და 1 ს/კ შიგთავსი დაუმატეთ.
  3. კვერი შიგთავსით სამკუთხედად გადაკეცეთ.
  4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მზა ღვეზელი გადაიტანეთ.
  5. ამრიგად, ყველა ღვეზელი გააკეთეთ.
  6. ღვეზელებს კვერცხის და მცენარეული ზეთის ნარევი წაუსვით.
  7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ (შესაძლოა უფრო დიდხანს, თქვენს ღუმელზეა დამოკიდებული).
  8. მზა ღვეზელი სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!