მოამზადეთ საკუთარი ხელით უგემრიელესი იტალიური კერძი-ლაზანია ხორცითა და სოკოთი

4002

ლაზანია იტალიური კერძია, რომელიც მზადდება უფუარი ცომის ფართო ფენებისგან. მისი შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტებში, მაგრამ დამერწმუნეთ სახლში, საკუთარი ხელით მომზადებულს არაფერი შეედრება. ყველი პარმეზანი მისი მთავარი ინგრედიენტია.

პარმეზანი – იტალიური მაგარი ყველია. იტალიელები მას პარმიჯანო-რეჯანოს ეძახიან. მისი წარმოება ათასწლეულებს ითვლის. ძირითადად იყენებენ იტალიურ პასტაზე (სხვადასხვაგვარ მაკარონზე), პიცაზე მოსახეხად და სალათებში.

საინტერესოა, რომ პარმეზანი საერთაშორისო კოსმოსური სადგურების  კოსმონავტთა  კვების რაციონში შედის. რეცეპტებში პარმეზანის ჩანაცვლება შეგიძლიათ ნებისმიერი მაგარი ყველით.

ლაზანიის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

ინგრედიენტები:

  • ლაზანიას 12 ფენა
  • 250 გრამი საქონლის ხორცის ფარში
  • 500 გრამი ქამა სოკო
  • 200 მლ მაღალპროცენტიანი ნაღები ან არაჟანი
  • 300 გრამი სულგუნი
  • 200 გრამი პარმეზანი
  • 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • პილპილი

სოუსისთვის:

  • 1 ლიტრა რძე
  • 120 გრამი კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • ჯავზი

ჯავზი, მუსკატის კაკალი – ძალიან არომატული სანელებელია, რომელიც წარმოადგენს მუსკატის ხის მშრალი ნაყოფის ფხვნილს. გააჩნია ძლიერი, სასიამოვნო არომატი და ცხარე გემო. გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, განსაკუთრებით კულიჩებსა და თაფლაკვერების გამოსაცხობად, აგრეთვე უმატებენ კომპოტებსა და მურაბებს. ჯავზის ფხვნილი შედის სოუს “შამელის” კლასიკური რეცეპტის შემადგენლობაში. ჯავზი ინახება მთლიანი კაკლების სახით და მხოლოდ გამოყენების წინ ფხეკენ ბასრი დანით ან ხეხავენ წვრილ სახეხზე.

მომზადების წესი:

  1. სოკო დაჭერით წვრილად და ხორცის ფარშთან ერთად ზეთში მოშუშეთ. დაასხით ნაღები და აურიეთ. როდესაც სითხე შესქელდება, ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით. სოუსის მოსამზადებლად პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი და შეურიეთ ფქვილი, შემდეგ ფრთხილად, წვრილი ნაკადით შეურიეთ რძე ისე, რომ ერთიანი მასა გამოვიდეს. სოუსი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ. როდესაც შესქელდება, დაუმატეთ ჯავზი და გადმოდგით ცეცხლიდან. სოუსს სწრაფად შეათქვიფეთ კვერცხი.
  2. ფორმაში ჩაასხით ცოტა სოუსი, ზედ დააწყვეტ ლაზანიას ფენები, შემდეგ მომზადებული ფარში და გახეხილი ყველი. ზემოდან კვლავ ცოტა სოუსი მოასხით, ასე მოამზადეთ მეორე ფენაც. ბოლოს დააფინეთ კვლავ ლაზანიას ფირფიტები, მოასხით დარჩენილი სოუსი და მოაყარეთ ყველი. ლაზანია შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით.

გემრიელად მიირთვით!