გერმანული საშობაო ნამცხვარი – შტოლენი – მას ფორმით, ჩირით, ცუკატებით და არაამქვეყნიური არომატით იცნობთ. და თუკი დააგემოვნებთ, არასოდეს დაგავიწყდებათ. მაგრამ რატომ უნდა შეიძინოთ და იხადოთ ზედმეტი, თუკი შინ შეგიძლიათ მოამზადოთ მარტივად?! ერთადერთი სირთულე, 2-კვირიანი მოლოდინია, რადგან გამოცხობის შემდეგ სწორედ ეს ვადაა საჭირო დესერტის „დასამწიფებლად“.
რეკომენდაცია ინგრედიენტებზე: ცნება „ჩირი“ რეცეპტში ფართოა, რადგან შეგიძლიათ საყვარელი ხილის ჩირის ნაკრები გამოიყენოთ. რომი შეგიძლიათ ლიქიორით ან კონიაკით შეცვალოთ. ჩაალბეთ ჩირი ალკოჰოლში მომზადებამდე 1-2 დღით ადრე. მზა ცომი კი შეგიძლიათ ორად გაყოთ და ისე გამოაცხოთ.
ინგრედიენტები
- 400 გრ ხილის ჩირი
- 500 გრ ხორბლის ფქვილი
- 300 გრ კარაქი
- 200 მლ რძე
- 50 გრ შაქარი
- 150 გრ შაქრის პუდრი
- 1,5 ს.კ. ფორთოხლის ცედრა
- 5 კვერცხის გული
- 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
- 8 გრ საფუარი
- 200 მლ რომი
- 200 გრ მარციპანი
- 1,2 ჩ.კ. მარილი
- 8 გრ ვანილი
მომზადება
1. შეურიეთ 100 მლ თბილი რძე, 4 ს.კ. ფქვილი და საფუარი. მოურიეთ, დააფარეთ და დატოვეთ 30-50 წუთით. დაუმატეთ დარჩენილი გაცრილი ფქვილი, კვერცხის გული, ორივე სახის ცედრა, 150 გრ დარბილებული კარაქი, 0,5 ს.კ. მარილი, ვანილი. ბოლოს დაასხით ნელნელა 10 მლ რძე, მოზილეთ ცომი და დატოვეთ სითბოში 2 საათით.
2. ამოსული ცომი დაამუშავეთ, დაამატეთ ჩირი, კარგად მოზილეთ, დააფარეთ და ისევ გააჩერეთ 1 საათით.
3. კიდევ დაამუშავეთ ცომი, შექმენით მისგან მართკუთხედი. მარციპანის მასისგან შექმენით „ძეხვი“ მოათავსეთ ცომზე და დააფარეთ მეორე პირი.
4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, გადაიტანეთ ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით.
5. გაადნეთ 150 გრ კარაქი, წაუსვით ცხელ შტოლენს, მოაყარეთ შაქრის პუდრი. შეახვიეთ პერგამენტში და დადგით ბნელ ადგილას 2-3 კვირით.
შტოლენი უფრო არომატული რომ გამოვიდეს, ყოველ კვირას წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ შაქრის პუდრი. გაახარეთ ახლობლები თქვენი კულინარიული შედევრით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!