ძალიან სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი ხორციანი ბლინების “ბენდერიკების” რეცეპტი

2044

სტუდენტურ წლებში, ჩვენი საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ არსებულმა მაღაზიამ დაიწყო უჩვეულო ნახევარფაბრიკატების მომზადება – სამკუთხა ფორმის ბლინები სხვადასხვა შიგთავსით. მე მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე, რომ ისინი უჩვეულო ბლინებს კი არა, უკრაინულ ბენდერებს ამზადებდნენ.

ამ ხორციანი ბლინების თავისებურება ის არის, რომ ისინი უმი ფარშით მზადდება, ასევე, მათ წინასწარ ამზადებენ ნახევარფაბრიკატების სახით. ჩვენი ოჯახის სამზარეულოში ამ რეცეპტმა დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა ადგილი და მათი მომზადება, ყოველ ჯერზე, დადებით კომპლიმენტებსა და ემოციებს იწვევს.

ინგრედიენტები

  • 750 მლ რძე
  • 500 გრ ქათმის ფილე
  • 260 გრ ხორბლის ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • 200 გრ ღორის ხორცი
  • 7 ც კვერცხი
  • 1 ც ხახვი
  • 3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ღრმა თასში მიქსერით ათქვიფეთ 4 ცალი კვერცხი, მარილი და შაქარი. შემდეგ დაუმატეთ 600 მლ რძე, მზესუმზირის ზეთი და ფქვილი, კარგად მოურიეთ. მიღებული ცომისგან გამოაცხვეთ თხელი ბლინები.

2. ორივე სახის ხორცი გაატარეთ ხორცის მანქანაში ხახვთან ერთად, დაუმატეთ 100 მლ რძე, სანელებლები და კარგად აზილეთ ფარში. ბლინები შუაზე გაჭერით, თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ ფარშის თხელი ფენა და გაახვიეთ სამკუთხედი.

3. ჩანგლით ათქვიფეთ 3 ცალი კვერცხი, 50 მლ რძე და მარილი. მიღებულ ნაზავში ამოავლეთ ბლინები და დაბალ ცეცხლზე, მცენარეულ ზეთში შეწვით. თითო მხარის შეწვას დაახლოებით 4 წუთი დასჭირდება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შიგთავსი ბოლომდე უნდა მომზადდეს, რადგან უმი ხორცია გამოყენებული.

4. ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად, მზა ბლინები ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ.

ხორციანი ბლინები უნდა მიირთვათ ცხელ მდგომარეობაში. ბლინებს ძალიან უხდება პომიდვრის ცხარე სოუსი, ბოსტნეულის სალათი ან არაჟნისა და მდოგვის სოუსი. შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი სახის ხორცით.