კვერცხის სწორად ათქვეფის საიდუმლო

2816

“ათქვიფეთ კვერცხი, რომ მიიღოთ მყარი ქაფი”, ერთი შეხედვით, ამ ფრაზაში რთული არაფერია, მაგრამ თუ კვერცხს სწორად არ ათქვეფთ, ტორტის ბისკვიტი ან ნამცხვრის ფენა არ გამოვა ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

იმისათვის, რომ ნამცხვარი იყოს ყოველთვის ჰაეროვანი, ჩვენმა რედაქციამ დიასახლისებისთვის შეაგროვა კვერცხის სწორად ათქვეფის ყველა საიდუმლო.

მზადება კვერცხის ასათქვეფად 

1. ჭურჭელი

მნიშვნელოვანია, როგორ ჭურჭელში თქვეფთ კვერცხს. მისთვის იდეალურია სპილენძის ჭურჭელი, სწორედ მასში გამოდის სქელი და მყარი მასა. სპილენძის ნაცვლად შეგიძლიათ კვერცხი ათქვიფოთ მინის ან უჟანგავი რკინის ჭურჭელში.

არავითარ შემთხვევაში არ ათქვიფოთ კვერცხის ცილა პლასტმასის ან ალუმინის ჭურჭელში, რადგან პლასტმასში ათქვეფილი კვერცხი პლასტმასის ფოროვანი ზედაპირის გამო ვერ მიაღწევს მაქსიმალურ მოცულობას, ხოლო ალუმინის ჭურჭელში ათქვეფილი კვერცხის ცილა მიიღებს მონაცრისფრო შეფერილობას.

ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო, მაგრამ მთავარი შეცდომაა, როდესაც ცხიმიან ან სველ ჭურჭელში თქვეფთ კვერცხს. ერთი წვეთი ცხიმიც კი ხელს უშლის კვერცხის ცილების ფორმირებას.

სანამ კვერცხს ათქვეფთ, მიქსერის ჯამი კარგად უნდა გარეცხოთ და გააშროთ. ხანდახან ლიმონის წვენს იყენებენ იმისთვის, რომ ჯამს ცხიმი მოაშორონ.

2. როგორ შევარჩიოთ კვერცხი

გამოცდილ დიასახლისს ნებისმიერი სახის კვერცხის ათქვეფა შეუძლია, მაგრამ უმჯობესია გაითვალისწინონ, რომ ახალი კვერცხის ცილა სქელია და მის ამოსაყვანად უფრო მეტი დროა საჭირო. ყველაზე მეტად გამოგადგებათ 2-3 დღის კვერცხი.

არსებობს მოსაზრება, რომ ყავისფერი ნაჭუჭის მქონე კვერცხი ათქვეფის დროს უფრო კარგად ამოდის და იგი იდეალურია ნამცხვრებისა და ტორტების გამოსაცხობად. სინამდვილეში, ყავისფერსა და თეთრ კვერცხს შორის არანაირი სხვაობა არ არის. უკეთესია, თუ გამოიყენებთ სახლის კვერცხს.

3. კვერცხის გული და ცილა

გამოცდილი დიასახლისები ირწმუნებიან, რომ თუ კვერცხის ცილასა და გულს ცალკ-ცალკე ათქვეფთ, შემდეგ კი შეურევთ ერთმანეთს, კვერცხის ქაფი უფრო მოცულობითი იქნება. ეს ნიუანსი შესაძლოა გამოსადეგი აღმოჩნდეს, თუ ჰაეროვანი ბისკვიტის გამოცხობა გსურთ.

კვერცხის ათქვეფის პროცესი

1. კვერცხის ათქვეფის სტადია

რეცეპტში ხშირად უთითებენ, რა სტადიამდე უნდა ათქვიფოთ კვერცხის ცილა. იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენ ხანს უნდა ათქვიფოთ კვერცხი, რომ მიიღოთ რბილი ან მდგრადი კონსისტენცია, უნდა იცოდეთ, როგორ გამოიყურება ისინი.

ქაფი-კვერცხის გული უკვე ჰაეროვანია და ზედაპირზე ბევრი ბუშტუკები აქვს, მაგრამ მაინც თხევადია.

რბილი პიკი (მწვერვალი)-კვერცხის ცილა ხდება თეთრი, ბუშტუკები თითქმის საერთოდ აღარ ჩანს, მაგრამ თუ მისგან ამოიღებთ სათქვეფს, მასა არ იქნება საკმაოდ სქელი და მყარი და ვერ შეინარჩუნებს ფორმას.

მყარი (მდგრადი) პიკი-კვერცხის ცილები მიიღებს კრემისებრ გარეგნობას, და თუ ამოიღებთ სათქვეფს, კრემი არ ჩამოიღვრება, იგი შეინარჩუნებს ფორმას.

2. კვერცხის ტემპერატურა

ზოგიერთი დიასახლისი ამბობს, რომ კვერცხი ყველაზე კარგად მაშინ ითქვიფება, როდესაც იგი ცივია, მაგრამ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

3. კვერცხის გულისა და ცილის განცალკევება

ფრთხილად გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან, რათა ცილაში კვერცხის გულის ერთი წვეთიც კი არ ჩაიღვაროს. განცალკევების დროს გამოიყენეთ სამი თასი: ერთი განსაცალკევებლად, მეორე ცილებისთვის და მესამე კვერცხის გულებისთვის.

თუ განცალკევების დროს შემთხვევით ჩაგეღვრებათ კვერცხის გული ცილაში, აღარ გამოიყენოთ იგი ბისკვიტის მოსამზადებლად, უბრალოდ შეინახეთ იგი სხვა რამის მოსამზადებლად.

4. ქაფის სტადია

მიქსერით კვერცხის ცილის ამოყვანა დაბალი სიმძლავრით დაიწყეთ და თანდათან მოუმატეთ სიმძლავრეს.

პროცესის დაჩქარებაში და კვერცხის ცილის მოცულობის გაზრდაში ლიმონის წვენი დაგეხმარებათ. როგორც კი კვერცხის ცილა აქაფებას დაიწყებს, მაშინვე დაუმატეთ მას რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან დანის წვერით ლიმონის მჟავა.

5. რბილი პიკი (მწვერვალი)

ამ სტადიაზე, კვერცხის ცილას დროა დაუმატოთ შაქარი. კარგი იქნება, თუ შაქრის პუდრს გამოიყენებთ, რადგან იგი უფრო სწრაფად იხსნება. აუცილებელია, რომ შაქარი არა ერთბაშად, არამედ თანდათან დაუმატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასა გათეთრდება, მაგრამ სასურველ, მდგრად მოცულობას ვეღარ მიიღებთ.

შაქარი უნდა დაუმატოთ ჩაის კოვზით, ამავდროულად, კვერცხი უნდა ათქვიფოთ არა ცენტრში, არამედ თასის კუთხეებში.

6. მდგრადი პიკი

შაქრის დამატებასთან ერთად, მასა უფრო და უფრო მდგრადი და მოცულობითი ხდება. თუ ფენა იწელება და კარგად ინარჩუნებს ფორმას, ესე იგი, უკვე მზადაა და აღარ ჭირდება ათქვეფა. სწორედ ამას ეწოდება მდგრადი პიკი.

7. კვერცხის გულის დამატება

კვერცხის ცილის გარდა, ბევრ რეცეპტში კვერცხის გულიც არის აუცილებელი. დაიწყეთ მიქსერით კვერცხის გულის ათქვეფა და მაშინვე დაუმატეთ შაქარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაზავში გაჩნდება პატარა ზომის გუნდები (გოროხები).

როგორ მოვიქცეთ, თუ კვერცხი არ ამოდის

ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ კვერცხი ან ძალიან ახალია, ან პირიქით, ძალიან ძველი. შესაძლოა არ ეყო შაქარი, ან მეტისმეტად ბევრი შაქარი ჩაყარეთ. როგორ მოვიქცეთ, თუ კვერცხის ცილაში არც კვერცხის გული, არც წყალი და ცხიმი არ მოხვედრილა, თასი მშრალი და სუფთა იყო, კვერცხი ზომიერად ახალი, მაგრამ ცილა მდგრად პიკამდე მაინც არ გამოგივიდათ?

სცადეთ მასის გაცივება. შედგით იგი მაცივარში 20 წუთით. შემდეგ დაუმატეთ ერთი წვეთი ლიმონის წვენი და ათქვიფეთ მაღალი სიმძლავრით. იმედია, ჩვენი რჩევა დაგეხმარებათ. თუ ყველაფერი თავიდანვე სწორად გააკეთეთ, ამ პროცედურის ჩატარება აღარ დაგჭირდებათ.

იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ ნამცხვრის ფენების ან ბისკვიტების გამოცხობისას.