როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს რულეტი ნიგვზით

3068

კომბოსტოს რულეტი ნიგვზით განსაკუთრებულად მიყვარს. ის ნებიმისმიერ სადღსასწაულო სუფრას  მრავლაფეროვნებას სძენს. ნიგოზის, სტაფილოს და კომბოსტოს გემოები საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს. ბევრს ნუ იფიქრებთ, უბრალოდ ადექით და მოამზადეთ.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო 1 კგ
  • ნიგოზი 150 გ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ხმელი სუნელი 2 ჩაის კოვზი
  • ზაფრანა 1 ჩაის კოვზი
  • სტაფილო 300 გ
  • წიწაკა, ძმარი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კომბოსტოს ფურცლები მოვწალოთ (ნახევარად მოვხარშოთ) ცხელ წყალში და დავაწყოთ საწურზე.
  2. ცალკე მოვამზადოთ სატენი: ერთად დავნაყოთ გატარებული ნიგოზი, წიწაკა, მარილი, ნიორი, ხმელი სუნელი და ზაფრანა.
  3. მიღებული მასა ვზილოთ ზეთის გამოსვლამდე.
  4. ზეთი ცალკე შევინახოთ, ხოლო დარჩენილ  მასას დავუმატოთ გემოვნებით ძმარი და დანაყილი საკმაზის ტოლი რაოდენობის მოხარშული, გაწურული და ხორცსაკეპში გატარებული კომბოსტო.
  5. ცალკე მოვხარშოთ წვრილი სტაფილო და გავფცქვნათ.
  6. ფიცარზე დავაწყოთ მოწალული კომბოსტოს ფურცლები და წავუსვათ ზედ მიღებული სატენი.
  7. ზევიდან სიგრძეზე დავდოთ სტაფილო და გადავახვიოთ.
  8. დავჭრათ 3-5 სმ სიგრძის ნაჭრებად ისე, რომ  სტაფილო რულეტში თვალივით იჯდეს.
  9. დავალაგოთ თეფშებზე და ზემოდან მოვასხათ ნიგვზის ზეთი.