შესქელებული რძე – ტკბილეული, რომელზეც ბევრი ადამიანი ბავშვობიდან გიჟდება. ძველად ხომ ჩვენთვის საყვარელი დესერტების ერთ–ერთი მთავარი ინგრედიენტი იყო. ეს ეხება ვაფლის ტორტს და ტკბილ ძეხვს. არაფერს ვამბობთ, მილებსა და კაკალზე შესქელებული რძით! სამწუხაროდ, ახლა ამ დესერტების გემო ისეთი არაა, რადგან ნაყიდ შესქელებულ რძეს სხვა შემადგენლობა აქვს. Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ 2 მარტივ რეცეპტს, როგორ მოამზადოთ შესქელებული რძე სახლში.
გამოცდილი რეცეპტები შესქელებული რძის მოსამზადებლად
ოჯახის წევრები ტკბილეულით რომ გაახაროთ, მინიმუმი პროდუქტები დაგჭირდებათ. ახალი და კარგი რძე შეიძინეთ. მარტივ ინსტრუქციას მიყევით და ორი სახის შესქელებული რძე მოამზადეთ, რომელთაც ბავშვებს ვერ მოაშორებთ!
რეცეპტი 1
ინგრედიენტები:
- 1 ლ რძე
- 160 გ შაქარი
- მწიკვი სოდა
მომზადების წესი:
- ქვაბში ან ღრმა ტაფაში რძე ჩაასხით. შაქარი და მწიკვი სოდა დაუმატეთ.
- ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და რძის მოხარშვა გააგრძელეთ. პერიოდულად აურიეთ. 60 წუთში შესქელებული რძე კარამელისფერი გახდება.
- კიდევ 15 წუთით ხარშეთ, ზოგჯერ აურიეთ. შემდეგ გაზქურიდან გადმოდგით და მუქი გაჯერებული ფერის შინაურული შესქელებული რძით დატკბით. 320 გრამი მზა პროდუქტი გამოვა.
რეცეპტი 2
ინგრედიენტები:
- 1 ლ რძე
- 200 გრ შაქარი
მომზადების წესი:
- ღრმა ტაფაში 3,2% ცხიმიანობის რძე ჩაასხით. შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. პერიოდულად აურიეთ.
- ცეცხლს დაუწიეთ და ხარშვა გააგრძელეთ. მორევა არ დაგავიწყდეთ.
- კიდევ 30 წუთით ხარშეთ, სანამ შესქელებული რძე ფერს არ შეიცვლის.
- მზაობის შესამოწმებლად შესქელებული რძე კოვზს დააწვეთეთ. მთავარია, რომ ნელა დაიწვეთოს.
- გაგრილება აცადეთ (კიდევ უფრო გასქელდება). ასე 460 გრამი მზა პროდუქტი გამოვა. გემრიელად მიირთვით!
სახლში შესქელებული რძის მომზადება რთული არაა. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და ახლობლები ხან ერთი, ხან მეორე ტკბილეულით გაახარეთ.