ჰამბურგერის მომზადების ოსტატობა. ისეთი, როგორც მაკდონალდსში

550

უგემრიელესი ჰამბურგერები პირდაპირ სახლში შეგიძლიათ გააკეთოთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ჰამბურგერები თითქმის ისეთი, როგორიც მაკდონალდსში იყიდება. სხვაობა უმნიშვნელოა!

ჰამბურგერი კატლეტით, ახალი ფუნთუშის გემოთი და სპეციალური კიტრის მწნილით. ნამდვილად ძალიან გემრიელია. სხვათა შორის, ნაკლებად საზიანოა. თუ, რა თქმა უნდა, ზედიზედ რამდენიმე ცალს არ მიირთმევთ. არადა როგორ გვინდა!

ფუნთუშის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა თბილი რძე
  • 2 ს/კ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 750-850 გ ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 პაკეტი საფუარი

ინგრედიენტები ფუნთუშებზე წასასმელად:

  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ სეზამი

სოუსის ინგრედიენტები:

  • 1,5 ს/კ კეტჩუპი
  • 3 ს/კ მაიონეზი
  • 1,5 ს/კ მდოგვი
  • პაპრიკა გემოვნებით

კატლეტის ინგრედიენტები:

  • 0,5 კგ ძროხის ხორცი
  • 1 კვერცხი
  • 5 ს/კ საფანელი
  • 1 ჩ/კ ხმელი ორეგანო
  • 1 ჩ/კ კვლიავი
  • 1 ჩ/კ დაფქული ქინძი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 100 გ რბილი ყველი
  • 150 გ პომიდორი
  • 2 კიტრის მწნილი
  • 5 სალათის ფურცელი

მომზადების წესი:

1. ფუნთუშის ცომის მომზადებით დაიწყეთ. თასში რძე და წყალი ჩაასხით, საფუარი, მარილი და შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ. თანდათან კარაქი დაუმატეთ და ცომი ხელით მოზილეთ. ცომი ერთ გუნდად შეკარით. პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას ნახევარი საათით გააჩერეთ.

2. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი საშუალო სისქეზე გააბრტყელეთ. დიდი წრეები ამოჭერით. ორი ცალი ერთმანეთს დაადეთ, მათ შორის კვერცხის ცილა წაუსვით. ფუნთუშები საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. პარკი დააფარეთ და კიდევ ერთხელ ამოსვლა აცადეთ. ფუნთუშებს კვერცხის ცილა წაუსვით, სეზამი მოაყარეთ და 180 გრადუსზე ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ. უნდა შეწითლდეს და კარგად ამოვიდეს. ცხობას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება.

3. ფუნთუშების გამოცხობამდე სოუსი მოამზადეთ. უბრალოდ ყველა ინგრედიენტი აურიეთ: კეტჩუპი, მდოგვი და მაიონეზი. ცოტა პაპრიკა დაუმატეთ და აურიეთ.

4. კატლეტზე გადავიდეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თხელი კატლეტი უნდა გააკეთოთ. ძროხის ფარში გჭირდებათ. ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ფარშს სანელებლები, კვერცხი და საფანელი დაუმატეთ და აურიეთ.

5. მაკდონალდსის მსგავსი ჰამბურგერი რომ მიიღოთ, თითოეულ კატლეტზე 100 გრამი ფარში უნდა მოდიოდეს. კატლეტებს ბრტყელი კვერის ფორმა მიეცით. ძლიერ გახურებულ მცენარეულ ზეთში ტაფაზე შეწვით. ორივე მხრიდან კარგად შეწვით, რომ კატლეტები შეწითლდეს და შეიწვას. ყურადღება მიაქციეთ, რომ კატლეტზე თითის დაჭერისას, წვენი უნდა გამოდიოდეს. კატლეტები მაშინ შეწვით, როცა უკვე ჰამბურგერის აწყობას იწყებთ. სხვათა შორის, კატლეტს სირბილისთვის ცოტა კარაქი შეგიძლიათ დაუმატოთ.

6. ახლა შეგვიძლია ჰამბურგერის აწყობა დავიწყოთ. პროდუქტები თხლად დაჭერით, ყველი ცხელ კატლეტს დაადეთ, რომ ცოტა გადნეს. ფუნთუშები სჯობს ცივი იყოს. შუაზე გაჭერით. ქვედა ნაწილს სოუსი წაუსვით და სალათის ფურცელი დაადეთ. ახლა პომიდვრის ნაჭერი, შემდეგ რგოლებად დაჭრილი კიტრის მწნილი დაუმატეთ. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ხახვის მწნილიც დაუმატოთ. ამისთვის ხახვი წინასწარ რგოლებად დაჭერით, წყალი დაასხით, მარილი, შაქარი და ძმარი დაუმატეთ და 1-2 საათით გააჩერეთ. ხახვი ბოსტნეულს დაადეთ. ზემოდან კატლეტი დაუმატეთ, სოუსი კარგად წაუსვით და ყველის ფირფიტა დაუმატეთ. ჰამბურგერის მეორე ნაწილსაც სოუსი წაუსვით და ზემოდან დააფარეთ.

7. ესეც ასე, გემრიელი შინაურული ჰამბურგერი მზადაა. გემრიელად მიირთვით.

როგორც ხედავთ, საყვარელი კერძის სახლში მომზადება ძალიან მარტივია. შინაურული ჰამბურგერი კატლეტით უფრო გემრიელი და სასარგებლო გამოდის. რას იტყვით ასეთი ჰამბურგერით ოჯახის წევრების განებივრებაზე?