ჰაეროვანი თაფლაკვერი შაქრიანი ჭიქურით დედის რეცეპტების რვეულიდან

367

სოციალურ ქსელში ვიპოვე თაფლაკვერის უმარტივესი რეცეპტი, რომელმაც სკოლის დრო გამახსენა. მახსოვს, სასადილოში იყიდებოდა ვარსკვლავის ფორმის დიდი თაფლაკვერი შაქრის ჭიქურით, რომელიც ძალიან მიყვარდა. ამ რეცეპტით ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც სასადილოში ცხვებოდა. Gastronomia.ge–ს რედაქცია ჰაეროვანი თაფლაკვერის გამოცხობას გთავაზობთ.

როგორ გამოვაცხოთ თაფლაკვერი

მარტივი რეცეპტია. ცომისთვის კვერცხი და კეფირი დაგჭირდებათ. თაფლი საოცარ გემოს მატებს. კლასიკური ფხვიერი ორცხობილა არაა. საკმაოდ რბილი გამოდის. ცხელ რძეში ან კაკაოში ამოსავლებად იდეალურია.

თაფლაკვერის ინგრედიენტები:

  • 3,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 180 გ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 2,5 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ თაფლი

შაქრიანი ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • მწიკვი ლიმონმჟავა
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. ფქვილი და სოდა გაცერით. კვერცხი, კეფირი, მცენარეული ზეთი, თაფლი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე სათქვეფით ან ჩანგლით ათქვიფეთ.

2. თხელ მასას ფქვილი დაუმატეთ. რბილი და ელასტიური ცომი უნდა მიიღოთ. თუ დრო გაქვთ, 15 წუთით მაცივარში დაასვენეთ. თუ არა, ეს ეტაპი გამოტოვეთ.

3. ცომი 1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. ჭიქით ან ორცხობილის ფორმებით თაფლაკვერები გამოჭერით. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. 180 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ.

4. თაფლაკვერებს ოდნავ გაგრილება აცადეთ. ჭიქური მოამზადეთ. კვერცხის ცილა, შაქრის ფხვნილი და ლიმონმჟავა ათქვიფეთ. შაქრის რაოდენობა პროცესში დაარეგულირეთ, თუმცა ჩვეულებრივ 40 გრამ ცილას 200 გრამი შაქრის ფხვნილი სჭირდება.

5. ჭიქური თაფლაკვერებს წაუსვით და გამაგრებამდე გააჩერეთ. სველი ჭიქურითაც ძალიან გემრიელია. ცხელი რძე, კაკაო ან ყავა მოამზადეთ და თაფლაკვერი სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.

კეფირის თაფლაკვერი კოჭის თაფლაკვერთან შედარებით უფრო რბილი გამოდის. თუ ზედმეტად ტკბილი ორცხობილა არ გიყვართ, ეს რეცეპტი გამოიყენეთ. ჭიქურად არა მხოლოდ თეთრი, არამედ ფერადი მასა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ მიზნით თეთრ ჭიქურს სხვადასხვა საკონდიტრო საღებავი დაუმატეთ. გასაფორმებლად შოკოლადის ჭიქურიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.