იმპორტული კარტოფილი მთელი სეზონი იყიდება, მაგრამ წყლიანია და მისი გემო სოფლის ახალ კარტოფილს ვერ შეედრება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხრიკს მარილით, რომ ახალი კარტოფილი დანის და საფხეკის გარეშე მარტივად გათალოთ. მეთოდი საკმაოდ ეფექტურია. ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები და დედები იყენებდნენ. ბონუსად სტატიის ბოლოს გამომცხვარი ახალი კარტოფილის რეცეპტს გიზიარებთ.
კარტოფილის გათლა დანის გარეშე – მისია შესრულებულია
ბევრი ქვის მარილი დაგჭირდებათ. სასურველია, რომ მსხვილი მარილი იყოს. კარტოფილი გარეცხეთ და პირსახოცით გაამშრალეთ.
დიდი ბოლქვები
ქვაბში ჩააწყვეთ, მარილი მოაყარეთ ისე, რომ კარტოფილი მთლიანად დაიფაროს. თავსახური დაახურეთ, 2-3 წუთით კარგად ანჯღრიეთ. ერთი შეხედვით, რთული შესასრულებელია, მაგრამ კარტოფილს უფრო სწრაფად გაასუფთავებთ, ვიდრე დანით. კარტოფილი წყალში გარეცხეთ და მზადაა!
პატარა ბოლქვები
პატარა ბოლქვები შეგიძლიათ მარილით სავსე თასში ჩაყაროთ და ხელით გახეხოთ. თითოეული ბოლქვის დამუშავება მოგიწევთ, მაგრამ შედეგი გაგახარებთ.
სხვადასხვა ზომის ბოლქვები
კარტოფილი პარკში ჩააწყვეთ, მარილი დაუმატეთ და შეკარით. მაგიდაზე რამდენჯერმე გადაატარეთ, შემდეგ გარეცხეთ.
გამომცხვარი ახალი კარტოფილი
ღუმელში გამომცხვარი ახალი კარტოფილი ძალიან გემრიელია. ამ რეცეპტით შემწვარი და არომატული გამოვა.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ახალი კარტოფილი
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
- 5-6 კბილი ნიორი
- 3 დაფნის ფოთოლი
- მარილი, წიწაკა, მწვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- წვრილად დაჭრილი ნიორი, 3-4 დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი, მარილი, წიწაკა, ხმელი მწვანილი და ზეთი აურიეთ.
- კარტოფილი გათალეთ, გაამშრალეთ და ზეთიან ნარევში აურიეთ. 10-15 წუთით გააჩერეთ.
- საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ. კარტოფილი გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ. 40 წუთი საკმარისია. შეიძლება მეტი ან ნაკლები დრო დასჭირდეს, ეს კარტოფილის ზომაზეა დამოკიდებული. ჩანგლით შეამოწმეთ, მზადაა თუ არა.
გემრიელად მიირთვით! კარტოფილის გათლის ხრიკი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.