ხრაშუნა სეზამის ორცხობილა: მაღაზიაში ნაყიდზე გემრიელი გამოდის

811

Gasstronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სეზამის ორცხობილის რეცეპტს, რომელიც თქვენი საყვარელი დესერტი გახდება, როგორც კი დააგემოვნებთ. ბავშვები ასეთი ორცხობილით ლოყებს გაივსებენ. წარმოუდგენლად გემრიელი ორცხობილაა!

თუ დიდი კომპანიისთვის ამზადებთ, ინგრედიენტების რაოდენობა გაორმაგეთ.

ინგრედიენტები:

  • 70 გრ ფქვილი
  • 60 გრ კარაქი
  • 120 გრ შაქარი (შეგიძლიათ ყავისფერი შაქარი გამოიყენოთ)
  • 1 ქათმის კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი ან 1 პაკეტი ვანილი
  • 1 ჩ/კ ახალ დაწურული ლიმონის წვენი
  • 160 გრ სეზამის თესლი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი, გამაფხვირებელი და მარილი აურიეთ.
  2. რბილი კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ. შემდეგ კვერცხი, ვანილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ, მიქსერით 20-30 წამით ათქვიფეთ.
  3. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე დააყენეთ და პორციებად ფქვილი დაუმატეთ.
  4. წინასწარ მოხალული სეზამი ცომს ნიჩბით აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  5. 180 გრადუსამდე ღუმელი გაახურეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ (აუცილებლად!). ჩაის კოვზით კვერები ერთმანეთისგან 3-4 სმ–ს დაშორებით დააწყვეთ, რადგან ცოტა შეიძლება მოცულობაში გაფართოვდეს.
  6. 8-15 წუთით აცხვეთ, ორცხობილის ზომის მიხედვით. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვას! 6 წუთში მეორე მხარეს გადააბრუნეთ.
  7. ცხელი ორცხობილა რბილი და წებოვანია, მაგრამ მოგვიანებით, გაგრილების შემდეგ, ხრაშუნა და წარმოუდგენლად გემრიელი ხდება. სუპერ ორცხობილა ბავშვებისა და უფროსებისთვის! გემრიელად მიირთვით!