წვნიანი თურქული ქაბაბი. გემრიელი ხორციანი კერძი მაყალის და გრილის გარეშე

465

დაიღალეთ ზაფხულის ლოდინით? გემრიელი შეკრება ბინაში მოაწყვეთ. საკმარისია, თურქული ქაბაბი ტაფაზე შეწვათ, ცოტა ლუდი დაისხათ და კარგი საღამო გარანტირებულია!

ასე მარტივად მომზადებულ წვნიან ხორცს მიირთმევთ. მაყალთან წვალება საჭირო არაა. საკმარისია, რომ ფარში სწორად მოამზადოთ, სანელებლები გემოვნებით დაუმატოთ და იდეალური ქაბაბი თურქულად მზადაა.

თურქული ქაბაბი ტაფაზე: რასთან ერთად მივირთვათ

მზა ხორცს წითელი სოუსი განსაკუთრებით უხდება. ამისთვის 100 გ ხახვი, ამდენივე ბულგარული წიწაკა და 200 გ პომიდორი დაჭერით. 3 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ. ცხელ ტაფაზე მზესუმზირის ზეთში ბოსტნეული 2 წუთით შეწვით. მარილი და 1 ს/კ პომიდვრის პასტა დაუმატეთ. კარგად აურიეთ, თავსახურდახურული 5 წუთით გააჩერეთ. 1 ჭიქა სუფთა წყალი ჩაასხით. აურიეთ და 20 წუთით ტაფაზე ჩაშუშეთ. ქურა გამორთეთ. ცხელ ნარევს 2 ს/კ ძმარი დაუმატეთ. მიღებული მასა ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. მზა სოუსი ქაბაბთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ფარში
  • 60 გ ბულგარული წიწაკა
  • 20 გ ნიორი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 0,5 ს/კ პაპრიკა
  • 1 ჩ/კ ძირა
  • 180 გ ხახვი
  • 20 გ ოხრახუში
  • 25 გ საფანელი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ ცხარე წიწაკის ფანტელები

მომზადების წესი:

1. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ. თესლი მოაშორეთ და პატარა კუბებად დაჭერით. ბოსტნეული ქათმის ფარშს დაუმატეთ.

2. ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და პრესში გაატარეთ. ნიორი და მწვანილი ხორცს დაუმატეთ. საფანელი, მარილი, პაპრიკა, დაფქული შავი წიწაკა, ძირა და ჩილეს წიწაკა დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.

3. ხორცის ჭურჭელს თავსახური დააფარეთ. 15 წუთით მაცივარში შეინახეთ.

4. ქათმის ფარშიდან პატარა ქაბაბები გააკეთეთ. ამისთვის სუშის ჩხირი გამოიყენეთ.

5. ხორცის ნაწარმი საჭრელ დაფაზე დააწყვეთ. კიდევ 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.

6. ტაფაზე მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ. ქათმის ქაბაბები საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. მზადაა.

არომატული ქაბაბი თურქულად თხელ ლავაშთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. წითელი სოუსი და ახალი ბოსტნეული ამ სურათს იდეალურად ავსებს.