წვნიანი და არომატული ქათმის ფრთები თაფლი–მდოგვის სოუსში

324

ქათმის ფრთები თაფლი–მდოგვის სოუსში ერთხელ მოამზადეთ და სამუდამოდ მოაგვარებთ პრობლემას, როგორ გამოკვებოთ მთელი ოჯახი სწრაფად, გემრიელად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს კერძი წაუგებელი ვარიანტია, თუ ბევრ სტუმარს ელოდებით. რეცეპტი 4 კაცზეა გათვლილი, მაგრამ შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობა გაზარდოთ და მეტი მოამზადოთ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ფრთები მინიმუმ 2 საათით ან მთელი ღამე დაამარინადოთ. ასე საბოლოო შედეგი გაგაოცებთ. კარგად გაჟღენთილი ხორცი პირში დნება და უფრო რბილი და ნაზი გამოდის. გემოზე რომ არაფერი ვთქვათ. თაფლის ტკბილი ნოტები ცხარე სანელებლებთან ერთად საოცარ გასტრონომიულ გამოცდილებას მოგანიჭებთ.

როგორ მოვამზადოთ ქათმის ფრთები თაფლი–მდოგვის სოუსში წარმატებულად

თუ ინსტრუქციას დაიცავთ, როგორც ყოველდღიურად, ასევე სადღესასწაულო სადილისთვის ან ვახშმისთვის სრულფასოვან კერძს მიიღებთ. პიკანტური ფრთები ლიმონის წვენთან ერთად გულგრილს არავის დატოვებს. სუფრაზე გატანამდე დაჭრილი მწვანე ხახვით და სეზამის თესლით გააფორმეთ. არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან ლამაზი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ფრთები
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ლიმონი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • მწიკვი კოჭის ფხვნილი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ჩ/კ მდოგვი
  • მარილი გემოვნებით
  • 3 გ როზმარინი

მომზადების წესი:

1. ქათმის ხორცი გარეცხეთ და ოდნავ გაამშრალეთ. ფრთები როგორც მთელი, ასევე ორ ნაწილად გაჭრილი შეგიძლიათ მოამზადოთ.

2. გემოვნებით მარილი და წიწაკა მოაყარეთ, დაქუცმაცებული ნიორი და წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა დაუმატეთ და აურიეთ.

3. მცენარეული ზეთი, მდოგვი, ლიმონის წვენი და თაფლი დაუმატეთ. თუ თაფლი მაგარია ან დაშაქრული, წყლის ორთქლზე გაადნეთ.

4. კარგად აურიეთ, ხორცს პარკი დააფარეთ და მაცივარში 1 საათით მაინც გააჩერეთ. თუ დრო არ გაქვთ, მაშინვე შემდეგ ეტაპზე გადადით.

5. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და ფრთები ჩააწყვეთ.

6. ზემოდან დარჩენილი მარინადი მოასხით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით ლამაზ შეწითლებამდე აცხვეთ. გემრიელად მიირთვით.

ცხელი ქათმის ფრთები ნებისმიერ გარნირთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქათმის ხორცი თითქმის ყველაფერს უხდება. სუფრაზე ახალი ბოსტნეულის ან მწნილის გატანა არ დაგავიწყდეთ.