ფერადი ბამბლ–ყავა თქვენი წვეულების ყველაზე დაღლილ მონაწილესაც გაამხნევებს და გამოაფხიზლებს. ზაფხულის დასაწყისში მისი მომზადება უნდა ისწავლოთ. სასმელმა სახელი შავი ყავის და ყვითელი ფორთოხლის წვენის ფენების მონაცვლეობის გამო მიიღო. აქედან მოდის ზოლებიან ბაზთან (bumblebee) შედარება.
ფორთოხლის ყავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ესპრესო, წვენი, კარამელის სიროფი და ყინულის კუბები. ცნობილია, რომ ფორთოხალი ისევე კარგად გვამხნევებს, როგორც ყავის მარცვლები. ყავის და ციტრუსის კომბინაცია მხნეობის ორმაგ დოზას გპირდებათ.
ბამბლ–ყავა
ინგრედიენტები:
- 100 მლ ესპრესო
- 20 მლ კარამელის სიროფი
- 100 მლ ფორთოხლის წვენი
- ყინულის კუბები
- რამდენიმე ნაჭერი ფორთოხალი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
1. ორი დოზა ესპრესო მოხარშეთ და მაცივარში გასაგრილებლად შედგით.
2. ფორთოხალი გარეცხეთ და ორი ნაჭერი მოაჭერით.
3. ჭიქაში ყინულის კუბები ჩაყარეთ.
4. ულუფა კარამელის სიროფი დაუმატეთ.
5. ახლა 100 მლ ფორთოხლის ფრეში დაუმატეთ.
6. ესპრესოს დრო მოვიდა. სასმელი ფენებიანი რომ გამოვიდეს და სტუმრები უჩვეულო გარეგნობით გაახაროთ, რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ. ესპრესო ერთ–ერთ ყინულის კუბზე ნელ–ნელა დაასხით. ასე ყავა ფორთოხლის წვენს არ შეერევა და კოქტეილი ნამდვილად ბაზის მსგავსი გამოვა.
7. ბამბლ–ყავა მზადაა. სასმელი გამაგრილებელი, საზაფხულოა. ყავის სიმწარეს და ფორთოხლის მოტკბო–მომჟავო გემოს აერთიანებს.
8. მაგიდაზე გატანის წინ ფორთოხლის ნაჭრებით გააფორმეთ.
9. გემრიელად მიირთვით!
ზოგიერთი ბამბლ–ყავას ურევს, რომ სიროფი უკეთ შეიგრძნოს. სხვები არ ურევენ, რომ ლამაზი ფენები შეინარჩუნონ და ინგრედიენტების გემო მონაცვლეობით შეიგრძნონ. ეს გემოვნების საკითხია. ზოგჯერ ბამბლ–ყავას რამდენიმე კოვზ ნაღებს უმატებენ. კოქტეილი ზემოდან ათქვეფილი ნაღებით შეგიძლიათ გააფორმოთ.
ყავა არომატული და გამამხნევებელი სასმელია, რომელიც თითქმის ყველას უყვარს. ამასთან, ყავის მოყვარულები ორ ბანაკად იყოფიან. ზოგი ნატურალურ შავ ყავას, დანამატების გარეშე მიირთმევს, შაქარსაც არ უმატებს და თვლის, რომ შაქარი სასმელის გემოს აფუჭებს. სხვები ყავას მხოლოდ დანამატებით სვამენ და უმეტესწილად რძეს უპირატესობას ანიჭებენ. თქვენ რომელ ბანაკს მიეკუთვნებით?