იცით თუ არა, რომ 20 ივლისს საერთაშორისო ტორტის დღე აღინიშნებოდა? სინამდვილეში ეს დღესასწაული არა მხოლოდ დესერტის, არამედ ადამიანების, ქვეყნებისა და ერთა შორის მეგობრობის სიმბოლოს ემსახურება. ეს დღესასწაული 2009 წელს დაფუძნდა, თუმცა, მან ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და ეროვნების ადამიანებს შორის.
დღეს ჩვენი რედაქცია კიდევ ერთხელ გაგაერთიანებთ ტკბილეულის მოყვარულ ადამიანებს იმისათვის, რომ მოგითხროთ, როგორ მოამზადოთ წარმოუდგენლად გემრიელი შოკოლადისა და ნიგვზის ტორტი საკუთარი ხელით.
ნიგვზის ტორტი
ინგრედიენტები ცომისთვის
- 1 ჩ.კ. ფქვილი
- 150 გრ შაქარი
- მწიკვით ლიმონმჟავა
- 150 გრ ბერძნული ნიგოზი
- 4 კვერცხის ცილა
- მწიკვით მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 300 მლ ნაღები (33-35%-იანი)
- 125 გრ შავი შოკოლადი
- 1 ს.კ. შაქრის პუდრი
მომზადების წესი
1. პირველ რიგში კვერცხის ცილა ათქვიფეთ მარილთან და ლიმონმჟავასთან ერთად. პროცესში თანდათან დაუმატეთ შაქარი, ათქვიფეთ, რომ მიიღოთ მდგრადი კონსისტენცია.
2. ბერძნული ნიგოზი ჯერ მოხალეთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ კი დააბლენდერეთ.
3. ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ფქვილი და ნიგოზი და მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია.
4. პერგამენტზე გამოჭერით 6 ცალი წრე (დიამეტრით 18 სმ). შემდეგ თითოეულ წრეს წაუსვით მცენარეული ზეთი.
5. თითოეულ წრეს თხლად წაუსვით ცომი და მოათავსეთ გაცხელებულ ღუმელში. თითოეული ფენა 180 გრადუსზე დაახლოებით 5-7 წუთით გამოაცხვეთ. მზა ფენები გააცივეთ, შემდეგ კი თითოეულს მოაშორეთ პერგამენტი.
6. წყლის ორთქლზე გაადნეთ 80 გრ შოკოლადი. 5 ტორტის ფენას ფუნჯის მეშვეობით წაუსვით გამდნარი შოკოლადი. ცოტახნით გააჩერეთ, რათა შოკოლადი გაქვავდეს.
7. ამავდროულად მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ შაქრის პუდრი.
8. ცალკე თასში გადაიტანეთ 4 ს.კ. ათქვეფილი ნაღები. დარჩენილ ნაღებს კი 30 გრ გახეხილი შოკოლადი დაუმატეთ და მოურიეთ.
9. ტორტის თითოეულ ფენას წაუსვით ათქვეფილი ნაღებისა და შოკოლადის ნაზავი, შემდეგ ერთმანეთზე დაალაგეთ, ზემოდან კი უკრემო და უშოკოლადო ფენა მოათავსეთ.
10. ზემოდან მთელი ტორტი ათვეფილი (უშოკოლადო) ნაღებით დაფარეთ და მსხვილად გახეხილი შავი შოკოლადი მოაყარეთ. მოათავსეთ ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით, რომ კარგად გაცივდეს.
სულ ესაა, უგემრიელესი ტორტი ბერძნული ნიგვზით მზადაა. გაუმასპინძლდით დესერტით თქვენთვის საყვარელ ადამიანებს!