შოკოლადის თაფლის ტორტი მოხარშული კრემით

613

ალბათ, ტორტი „თაფლოვანა“ ყველამ იცის და საყვარელ დესერტს წარმოადგენს. Gastronomia.ge-ს რედაქცია დღეს გთავაზობთ თაფლის ტორტს შოკოლადით, რომელიც დიდხანს მზადდება და მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ საბოლოო შედეგი ამად ღირს. ნახეთ, როგორ მოამზადოთ თაფლიანი ტორტი შოკოლადით და მოხარშული კრემით.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 ჩ/კ სოდა

მოხარშული კრემის ინგრედიენტები:

  • 700 გრ რძე
  • 400 გრ კარაქი
  • ნახევარი ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხის გული
  • 4 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტის მოსამზადებლად კაკაო და შაქარი, კვერცხი და კარაქი აურიეთ. პროდუქტებს კარგად აურიეთ, შემდეგ თაფლი და სოდა დაუმატეთ და საბოლოოდ კარგად აურიეთ. 10 წუთით წყლის ორთქლზე დადეთ, მუდმივად აურიეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, როცა ნარევის მოცულობაში გაზრდას შეამჩნევთ. ძალიან სწრაფად ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
  2. მიღებული ბისკვიტი რამდენიმე საათით სიცივეში შეინახეთ, შემდეგ 11 ნაწილად დაყავით.
  3. თითოეული ნაჭერი ნებისმიერი ფორმის თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. ღუმელში გამოაცხვეთ.
  4. ტორტისთვის მოხარშულ კრემს ვიყენებთ. ფქვილი და კვერცხი აურიეთ, თანდათან რძეში გახსენით. დარჩენილი რძე ადუღებამდე მიიყვანეთ და წვრილ–წვრილად ფქვილი–კვერცხის ნარევს აურიეთ. ნარევი აადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გაგრილება აცადეთ. დარბილებული კარაქი სჯობს შაქართან ერთად ათქვიფოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატოთ მოხარშული ნარევი. ახლა ყველაფერი აურიეთ და კრემი მზადაა.
  5. ტორტი შეგიძლიათ ააწყოთ. ყველა ფენას კრემი წაუსვით და ერთმანეთს დაადეთ. მზა ტორტი რამდენიმე სააათით მაცივარში შეინახეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს. სურვილის შემთხვევაში, ტორტი საყვარელი შოკოლადით მორთეთ.
  6. თაფლის ტორტი მოხარშული კრემით მზადაა! ტორტი ბევრ სასარგებლო ნახშირწყლებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიით ავსებს. გემრიელად მიირთვით!