აქტუალური წასახემსებელი საახალწლო სუფრაზე: ვეფხვის ტარტალეტი მდნარი ყველით და ქაშაყით

517

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნამდვილ გემრიელობას საახალწლო სუფრისთვის: ვეფხვის ფორმის ორიგინალური ტარტალეტები ძალიან ნოყიერი და ნაზი შიგთავსით. ასეთი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე გულგრილს არავის დატოვებს.

„ვეფხვიანი ტარტალეტები“ ძალიან მარტივად და პროდუქტების ნებისმიერი კომბინაციით მზადდება. სურვილის შემთხვევაში, დაპრესილი ნიორი შეგიძლიათ დაუმატოთ. ორიგინალური წასახემსებელი 15 წუთში სტუმრებს გააოგნებს.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 100 გრ ქაშაყის ფილე
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 10 ცალი ზეთისხილი
  • 140 გრ მდნარი ყველი
  • 200 გრ სტაფილო
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 15 ტარტალეტი

მომზადების წესი:

1. სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ.

2. მდნარი ყველი, შემდეგ კვერცხი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და აურიეთ.

3. მოხარშული სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ.

4. ზეთისხილი ზოლებად დაჭერით.

5. ქაშაყის ფილე პიურეს მიღებამდე დააქუცმაცეთ ან პატარა ნაჭრებად დაჭერით.

6. კვერცხის და მდნარი ყველის ნარევს ქაშაყის ფილე, მაიონეზი და წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

7. მიღებული შიგთავსით ტარტალეტები გაავსეთ, კოვზით გაათანაბრეთ. ზემოდან სტაფილოს ფენა დაუმატეთ, მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ.

8. ახლა ზეთისხილის ზოლები დააწყვეთ. მწვანილით გააფორმეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

გარეგნობა იმდენად მიმზიდველია, რომ ხელი თეფშისკენ თავისით მიიწევს. ძალიან გემრიელად გამოიყურება. გემრიელად მიირთვით და კარგ შობა–ახალ წელს გისურვებთ!