შეუხამეთ ორი საყვარელი კერძი და მიიღეთ ლაზანია “კარბონარა”

1255

სოუსი კარბონარა იტალიური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ბეკონის, ყველისა და კვერცხის ნაზავი იმდენად გემრიელია, რომ სურვილი გიჩნდება, სხვა კერძსაც შეუხამო. ჩვენს შემთხვევაში – ლაზანიას.

ვინაიდან ლაზანიაშიც მაკარონის ცომი გამოიყენება, ეს იდეა არც თუ ისე აბსურდულია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. “გასტრონომია” გირჩევთ: აიღეთ ბეკონის კარგი ნაჭერი, ლაზანიას ცომი და შეუდექით შემოქმედებას.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ბეკონი
  • 12 ც ლაზანიას ცომის ფენა
  • 1 ც ხახვი
  • 3 კბ ნიორი
  • 350 გრ არაჟანი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 4 კვერცხის გული
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. შეწვით ზეთში დაჭრილი ბეკონი და ხახვი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  2. მოხარშეთ ლაზანიას ფენები ალდენტეს დონემდე (სანახევროდ), გახეხეთ ყველი.
  3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ცომის პირველი ფენა. შემდეგ ასეთი მიმდევრობით: არაჟანი, ბეკონი, ყველი, ცომის ფენა, სანამ ინგრედიენტები არ ამოიწურება.
  4. მოაყარეთ გახეხილი ყველი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
  5. როცა ლაზანია მზად იქნება, ოდნავ ჩააღრმავეთ 4 ადგილას და ჩაახალეთ კვერცხის გულები, შედგით კიდევ 2 წუთით.

ჩვენ ამ რეცეპტში არაჟანი გამოვიყენეთ, თუმცა შეგიძლიათ ლაზანიას კლასიკური სოუსი – ბეშამელი მოამზადოთ, ასევე მოაყაროთ დაჭრილი მწვანილი. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!